განათლება

კონსტანტინე დოლიძე- კოლეჯი “პრესტიჟი” პროფესიულ განათლებაში და მისი როლი რეგიონულ განვითარებაში

პროფესიული განათლება თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საყრდენად იქცევა. სწრაფად ცვალებადი ეკონომიკა, ახალი პროფესიების გაჩენა და შრომის ბაზრის მზარდი მოთხოვნები განათლების სისტემას მუდმივ გამოწვევებს უქმნის. სწორედ ამ კონტექსტში იზრდება პროფესიული კოლეჯების მნიშვნელობა — როგორც ინსტიტუციების, რომლებიც ორიენტირებული არიან დასაქმებაზე, პრაქტიკულ უნარებზე და რეგიონულ განვითარებაზე.

ამ თემებზე გვესაუბრა კოლეჯ „პრესტიჟის“ დირექტორი, ბ-ნი კონსტანტინე დოლიძე.

– ბატონო კონსტანტინე, როგორ აფასებთ 2025 წლის შედეგებს კოლეჯისთვის?

ჩვენ წარმატებით გავიარეთ ავტორიზაცია, რაც ნიშნავს, რომ მყარ აკადემიურ და ორგანიზაციულ საფუძველზე ვდგავართ. ჩვენი პროგრამები შრომის ბაზრის კვლევებზეა დაფუძნებული, რაც მათ აქტუალობასა და პრაქტიკულ ღირებულებას უზრუნველყოფს.

– რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ამ პერიოდში?

-კოლეჯში სამშენებლო სპეციალობებისთვის სახელოსნოების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულება 2026 წლის დეკემბერში იგეგმება, ხოლო 2027 წლიდან  სტუდენტების მიღება დაიწყება. ერთ-ერთი ახალი მიმართულება იქნება  „კერამიკული ნაკეთობის დამზადება“, დანარჩენი პროგრამები კი, სამშენებლო პროფესიებზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი მიზანია სტუდენტებს შევთავაზოთ თანამედროვე, პრაქტიკაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო.

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადებული ტენდერი კოლეჯის ტერიტორიაზე მრავალპროფილური, თანამედროვე სტანდარტების შენობის აშენებას ითვალისწინებს. ახალი სივრცე მოიცავს თანამედროვე ლაბორატორიებსა და სრულად აღჭურვილ სასწავლო გარემოს, რაც რეგიონული საჭიროებების მაქსიმალურ პასუხს გასცემს.

– ბატონო კონსტანტინე, რას გვეტყოდით იყალთოს პროექტზე?

-იყალთოს პროექტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინიციატივაა. საქართველოს განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს შენობის რეაბილიტაციაზე. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ შეიქმნება განვითარების კონცეფცია. ჩემი ხედვით, რეაბილიტირებული სივრცე შეიძლება იქცეს ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის  თანამედროვე სასწავლო ბაზად, სადაც სტუდენტები ცოდნას მიიღებენ როგორც თეორიულად, ასევე რეალურ სამუშაო გარემოში — სასწავლო სამზარეულოთი, საკონდიტრო სივრცითა და სასტუმრო ნომრებით. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ეფუძნება ქართულ სტუმართმოყვარეობის კულტურას, რომელზეც ქვეყნის ბრენდი დგას. მიზანია სტუდენტებმა აითვისონ პროფესიული უნარები, მომსახურების ეთიკა, კომუნიკაციის კულტურა და სტანდარტები, რაც ქართულ ტურიზმს კონკურენტუნარიანს ხდის ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.

– რას გვეტყოდით რეგიონში მოთხოვნად პროფესიებსა და მოკლევადიან პროგრამებზე?

– რეგიონული შრომის ბაზრის ტენდენციები მიუთითებს ჯანდაცვის სფეროში მაღალ მოთხოვნაზე, განსაკუთრებით, ექთნისა და ფარმაცევტის კვალიფიკაციებზე. პარალელურად იზრდება ინტერესი მოკლევადიანი პროგრამების მიმართ, მათ შორის სამშენებლო და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით. ეს ადასტურებს პრაქტიკაზე ორიენტირებული და მოქნილი პროფესიული განათლების მნიშვნელობის ზრდას, როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის.

– რა როლს თამაშობს საერთაშორისო პარტნიორობა?

– კოლეჯი „პრესტიჟი“ თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ დამსაქმებლებთან, ისე საერთაშორისო საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გერმანულ პარტნიორობას — ბიბერახის კოლეჯთან, სადაც სტუდენტებს აქვთ სამთვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა საცხოვრებელი პირობებით. ეს მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება, გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარები და გაზარდონ დასაქმების პერსპექტივები.

-რა გამოწვევები არსებობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციაში?

-ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა პროფესიული განათლების პოპულარიზაციის სფეროში არის მოსახლეობისა და ახალგაზრდების პასიურობა. ეფექტური პოპულარიზაციისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა — სახელმწიფოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და საგანმანათლებლო დაწესებულებების კოორდინირებული თანამშრომლობით. პარალელურად, მნიშვნელოვანია ზრდასრულთა განათლების აქტიური განვითარება, რაც ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას და სისტემური ეფექტიანობის ზრდას.

კოლეჯი„პრესტიჟის“ ხედვა აღმოსავლეთ საქართველოში

– როგორ ხედავთ კოლეჯის მომავალ როლს რეგიონში?

-ჩვენი მიზანია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში კოლეჯი „პრესტიჟი“ იქცეს ჰაბად — ინოვაციისა და განვითარების ცენტრად. განხორციელდება პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული განათლების ეკოსისტემის გაძლიერება.

პროფესიული განათლება აღარ არის მხოლოდ ალტერნატიული გზა — ეს თანამედროვე ეკონომიკისა და სოციალური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია. კოლეჯ „პრესტიჟში“ მიმდინარე ინიციატივები აჩვენებს, რომ რეგიონული განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში გულისხმობს ხარისხზე ორიენტირებულ, მოქნილ და საერთაშორისო თანამშრომლობაზე აგებულ პროფესიულ ეკოსისტემას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა