ბენქსი ჩვენი დროის ლეგენდარული და ბურუსით მოცული ქუჩის მხატვარია, რომლის ვინაობაც ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გამოცანად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები მილიონებად ფასდება და მწვავე სოციალურ პროტესტს გამოხატავს, თავად ავტორი მუდმივად ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. თუმცა, ჟურნალისტებმა მისი პიროვნების გამჟღავნება სწორედ უკრაინაში მოგზაურობის შემდეგ შეძლეს.
როგორც Reuters-ის ჟურნალისტებმა დაადგინეს, ინგლისელმა მხატვარმა კონსპირაციის მიზნით ნამდვილი სახელი 2008 წელს შეიცვალა. ჯერ კიდევ მაშინ ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Mail on Sunday-მ სწორად მოახდინა ბენქსის იდენტიფიცირება, როგორც ბრისტოლელი რობინ განინგემისა და მისი ფოტოც გამოაქვეყნა, მიუხედავად იმისა, რომ მხატვრის მენეჯერი პუბლიკაციის სისწორეს კატეგორიულად უარყოფდა.
2008 წლის გამოძიების მთავარი ხელმოსაჭიდი გახდა ბენქსის დაპატიმრება 2000 წელს ნიუ-იორკში, სარეკლამო აბრაზე გრაფიტის დახატვის გამო — სწორედ მაშინ ფიგურირებდა პოლიციის დოკუმენტებში განინგემის სახელი. Reuters-ის ჟურნალისტებმა საკუთარი გამოძიება დაიწყეს ბენქსის ახალი სახელის დასადგენად. ისინი ესაუბრნენ ადამიანებს, რომლებიც, შესაძლოა, პირადად იცნობდნენ მხატვარს და ასევე შეისწავლეს მისი ციფრული კვალი.
გამოცემის წყაროების ცნობით, პირი სახელად დევიდ ჯონსი, რომლის დაბადების თარიღიც განინგემისას ემთხვევა, უკრაინის საზღვარი 2022 წელს გადაკვეთა. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ქვეყანაში ბენქსის ცნობილი მურალების სერია.











