აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მისი ბრძანებით, ირანის სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური იერიში განხორციელდა.
„რამდენიმე წუთის წინ, ჩემი მითითებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაბომბვა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. სრულად განადგურდა ყველა სამხედრო სამიზნე ირანის „მარგალიტზე“ — კუნძულ ხარკზე. ჩვენი იარაღი ყველაზე ძლიერი და სრულყოფილია მათ შორის, რაც კი ოდესმე მსოფლიოს უნახავს, თუმცა თავაზიანობის გამო გადავწყვიტე, არ გამენადგურებინა კუნძულზე არსებული ნავთობის ინფრასტრუქტურა“, — დაწერა ტრამპმა.
პრეზიდენტმა ირანი გააფრთხილა, რომ ნავთობის ინფრასტრუქტურასაც გაანადგურებს, თუ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ (IRGC) საფრთხეს შეუქმნის ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციას.
ტრამპმა ირანს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს მაშინ დაასრულებს, როცა ამას „ინტუიციით (შინაგანი ხმით) იგრძნობს“. მისივე თქმით, ოპერაცია გრაფიკს წინ უსწრებს.











