უცხოური მედია

მენინგიტის აფეთქება კენტის საგრაფოში: დაავადებულთა და გარდცვლილთა შორის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები არიან

ინგლისის კენტის საგრაფოში, ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მენინგიტის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 11 საავადმყოფოშია გადაყვანილი. დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტომ (UKHSA) „ბი-ბი-სის“ (BBC) დაუდასტურა, რომ გამოვლენილია მენინგიტის B ჯგუფის შტამი, რომელიც ცნობილია როგორც MenB.

ცნობილი გახდა, რომ დაავადებით ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა: ქალაქ კენტერბერიში მდებარე კენტის უნივერსიტეტის სტუდენტი და ამავე საგრაფოს ერთ-ერთი სკოლის გამოსაშვები კლასის მოსწავლე. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაინფიცირებული 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდაა.

ერთ-ერთი ვერსიით, ინფექციის გავრცელების ეპიცენტრი, შესაძლოა, კენტერბერიში სტუდენტებში პოპულარული ღამის კლუბი Chemistry გამხდარიყო. კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან აფეთქების მიზეზების დასადგენად. მფლობელის განცხადებით, გასულ უქმეებზე კლუბს დაახლოებით ორი ათასი ადამიანი ეწვია.

ამ დროისთვის UKHSA-მ დიაგნოზი 11 ჰოსპიტალიზებულს დაუდასტურა, მათ შორის ორ სკოლის მოსწავლეს. თუმცა, საავადმყოფოებში B ჯგუფის მენინგიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სხვა პაციენტებიც იმყოფებიან.

სააგენტოს განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ არიან:

  • დაავადებულთა ოჯახის წევრები და მეგობრები;
  • დაახლოებით 30 000 ადამიანი, რომლებიც ინფიცირების სავარაუდო ზონაში იმყოფებოდნენ.

„მთავარი ყურადღება გამახვილებულია იმ პირებთან კონტაქტზე, რომლებიც იმყოფებოდნენ ღამის კლუბში ან კონკრეტულ საერთო საცხოვრებლებში“, — განაცხადა კენტის რეგიონული ექიმთა ასოციაციის წარმომადგენელმა. მედიკოსების განმარტებით, დაუყოვნებლივი დაცვისთვის მოქალაქეებს ანტიბიოტიკებს სთავაზობენ, ხოლო გრძელვადიანი გამოსავალი ვაქცინაციაა. კენტის უნივერსიტეტის კამპუსში უკვე მესამე დღეა მედიკამენტების მისაღებად გრძელი რიგები დგას. ბევრმა მათგანმა, პანდემიის მსგავსად, კვლავ დაიწყო პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.

UKHSA-ს რეგიონული დირექტორის მოადგილემ, ტრიშ მანესმა აღნიშნა, რომ ანტიბიოტიკები პირველ რიგში გადაეცემათ მათ, ვისაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა გარდაცვლილებთან ან დაავადებულებთან. თუმცა, პრევენციული ზომები უფრო ფართო წრესაც შეეხო.

მნიშვნელოვანი ფაქტები მენინგიტის შესახებ:

  • რა არის: თავისა და ზურგის ტვინის გარსების ინფექცია.
  • სტატისტიკა: ყოველი 10 შემთხვევიდან ერთი ლეტალურად სრულდება.
  • გავრცელება: ნერწყვის საშუალებით — ხველების, ცემინების, კოცნის ან საერთო ჭურჭლის გამოყენებისას.
  • ტიპები: არსებობს ბაქტერიული და ვირუსული. ბაქტერიული (ინვაზიური) ტიპი უფრო საშიშია, რადგან ხშირად იწვევს სეფსისს (სისხლის მოწამვლას), რაც გარდაცვალების მთავარი მიზეზი ხდება.

კენტში გავრცელებული B ჯგუფის შტამი სწორედ ბაქტერიულ ტიპს მიეკუთვნება. ექიმები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და შეახსენებენ, რომ მენინგიტით დაავადება ერთზე მეტჯერაც არის შესაძლებელი.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა