ვიდრე ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ დიუშენის სამკურნალო მედიკამენტებს და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, ვერცერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ თითოეული პაციენტისთვის ყოველწლიურად 700-ათასდოლარიან წამალს ვერ იმეტებენ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპული სახელმწიფოები საკითხს გონივრული სიფრთხილით უდგებიან.
„არის კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელთან დაკავშირებითაც EMA-ს გადაწყვეტილებაში მარტივად ნათქვამია: „საჭიროა დამატებითი მონაცემების წარმოდგენა, რათა შევისწავლოთ მცირე რაოდენობით გამომუშავებული მოკლე დისტროფინი რამდენად ახდენს გავლენას პაციენტებში გადაადგილების უნარის გაუმჯობესებაზე. აქაც ნათლად ჩანს შემდგომი კვლევისა და შესწავლის აუცილებლობა. არის კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელსაც აქვს დაპირება, რომ ახდენს ეტლის საჭიროების გადავადებას. მას აქვს როგორც FDA-ს, ისე EMA-ს ავტორიზაცია. ამის მიუხედავად, ღია წყაროებში შეგხვდებათ ინფორმაცია, შემიძლია, სარწმუნო წყაროების მითითება, რომ ამ მედიკამენტის გამოყენებისას პრაქტიკაში დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. მიმდინარეობს აქტიური კვლევები იმის დასადასტურებლად ან იმედია, გამოსარიცხად, რომ გარდაცვალების მიზეზი კავშირშია ამ მედიკამენტთან.
ევროპული ქვეყნების მარეგულირებლები არც ამ მედიკამენტის სახელმწიფო პროგრამებში დანერგვას ჩქარობენ. ისინი აქტიურად და ინტენსიურად იკვლევენ საკითხს და ემზადებიან როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გადაწყვეტილებების მისაღებად. დღემდე არ არის ცხადი, რა მიდგომა იქნება არჩეული, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნებოდა მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეფასებისას. ვიდრე ევროპული სახელმწიფოებიც იკვლევენ და ვერ ჩქარობენ გადაწყვეტილების მიღებას, ვერცერთ სახელმწიფოზე ვერ ვიტყვი, რომ თითოეული პაციენტისთვის ყოველწლიურად 700-ათასდოლარიან წამალს ვერ იმეტებენ. ევროპული სახელმწიფოები საკითხს გონივრული სიფრთხილით უდგებიან.
ამრიგად, მოთხოვნა წამოყენებულია წამლებზე, რომელთა ფუნქცია არის არა სიცოცხლის გადარჩენა, განკურნება ან სიცოცხლის გახანგრძლივება. ასეთი ეფექტის მქონე მედიკამენტების გამოჩენას ყველა ველოდებით და ვგულშემატკივრობთ. ამ მედიკამენტების ფუნქცია მხოლოდ ეტლის საჭიროების გადავადებაა, თუმცა აქაც კითხვის ნიშნებია მათი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ. სწორი არ იქნება, ამ მედიკამენტებზე გვქონდეს მოლოდინი, რომ მათ შეუძლიათ დაავადების განკურნება ან სიცოცხლის გახანგრძლივება.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეტლის საჭიროების გადავადებისა და, უფრო მეტიც, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის გაზრდის თვალსაზრისით, დადასტურებული დადებითი ეფექტი აქვს ე.წ. კორტიკოსტეროიდებს, რომელიც უკვე გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამით და, ევროპის წამყვანი ქვეყნების მსგავსად, სრულად ფინანსდება. მის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ კითხვის ნიშნები არ არსებობს. სამწუხაროდ, სამუშაო გვაქვს იმაზე, რომ ამ მედიკამენტების გამოყენება ხორციელდებოდეს, სადაც რეალურად არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები. სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას როგორც მედიკამენტების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესწავლის მიმართულებით, ისე ყველა სხვა საჭიროებაზე რეაგირების კუთხით. ეს ეხება არა მხოლოდ კონკრეტულ დაავადებას, არამედ სხვა იშვიათ და არაიშვიათ დაავადებებსაც – იქნება ეს ონკოლოგია, გაფანტული სკლეროზი თუ სხვა.
მინდა, დავესესხო დარგში მოღვაწე ერთ-ერთ ექსპერტს, რომელმაც ერთ-ერთ კონფერენციაზე თქვა: „უკანასკნელი ათი წელიწადი იყო რევოლუციური დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სფეროში, მაგრამ დღეს, პასუხზე მეტად, იმაზე მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე არსებობდა ათი წლის წინ“. მართლაც, ათი წლის წინ კითხვა არ არსებობდა, პასუხი სრულიად უიმედო იყო. საბედნიეროდ, გაჩნდა კითხვები და იმედი მაქვს, პასუხებიც მალე მოიძებნება. ამის იმედი აქვთ, მათ შორის, განვითარებულ და ფინანსურად ბევრად მძლავრ სახელმწიფოებსაც, რომლებიც ამ დრომდე თავს იკავებენ ამ მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსებისგან. ამ კითხვებზე პასუხების საჭიროების გამო იკავებენ თავს ევროპული სახელმწიფოებიც და არა იმის გამო, რომ რომელიმე სკანდინავიურ სახელმწიფოს ემპათია აკლია ან ერთ პაციენტზე წლიურად, საშუალოდ, 2.5 მილიონი წამლის დაფინანსება ენანება. არიან ევროპული სახელმწიფოები საქართველოსთან შედარებით ბევრად მძლავრი, ფინანსური შესაძლებლობებით, ბევრად დაწინაურებული ჯანდაცვის სისტემებით – ნორვეგია, პორტუგალია, ნიდერლანდები თუ სხვა. არ არის სწორი და ლოგიკური, დავსვათ რიტორიკული კითხვა, ამ სახელმწიფოებს რა მიზეზით არ აქვთ შეტანილი საკუთარ ჯანდაცვის პროგრამაში ამ მედიკამენტების დაფინანსება. ეს საკითხია, რომლის გამოკვლევაზეც და შესწავლაზეც მუშაობს ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა სარჯველაძემ.











