პოლიტიკოსები და პოლიტიკანები,- ამ სათაურით აქვეყნებს „ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს.
კაკაბაძე წერს, რომ დღეს ოპოზიცია ახალი ლიდერის ძიებაშია, თუმცა დაზიანებული ბიოგრაფიის ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერასოდეს მოიპოვებს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას.
„საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ისე შევეჩვიეთ, რომ ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ ჩვენი მოქალაქეები.
ამიტომაც როდესაც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ქვეყნდება, ამ შედეგების გაცნობამდე იმას აკვირდება ადამიანი, თუ ვინ არის ამ გამოკითხვის დამკვეთი და ჩამტარებელი. თუმცა, ხშირად დამკვეთი ინკოგნიტოდ რჩება ხოლმე, რათა გამოკითხვის შედეგებს ობიექტურობის ელფერი შესძინოს, მაგრამ მაინც კარგად ჩანს ხოლმე დამკვეთების კუდები.
სწორედ ამიტომ საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ კონკრეტული მოვლენის მიმართ მხარდაჭერის ყველაზე მკაფიო მაგალითად ცოცხალი ადამიანების რაოდენობას მიიჩნევენ და ამაში არის კიდეც ლოგიკა.
ამის გამო ცდილობენ პოლიტიკური ძალები, რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი დააფიქსირონ მათ მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე.
როდესაც ასეთ მასშტაბურობას ვერ აღწევენ და დაანონსებული 100 ათასის ნაცვლად 10 ათას მომხრესაც ვერ აგროვებენ საკუთარ ღონისძიებაზე, მაშინ ან იხტიბარს არ იტეხენ და ამბობენ, 200 ათასი მომხრე მოვიდა ჩვენს მიტინგზეო (როგორც ეს მოხდა 4 ოქტომბრის „ხელისუფლების დამხობის“ მიტინგზე), ან იქით უტევენ ოპონენტებს – „რა თავებს ითვლით, ერთი მოქალაქის პროტესტიც ანგარიშგასაწევიაო“.
დაახლოებით ასეთ სცენარს უნდა ველოდოთ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ 26 მაისის საპროტესტო აქციაზეც.
თუმცა, მათ ისეთი მძიმე დარტყმა მიიღეს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ გლოვის დღეებში, რომ არა მგონია, ჭკვიანური გათვლა იყოს საკუთარ მომხრეთა რაოდენობის დემონსტრირებაზე აქცენტების გაკეთება.
ვიღაცა იტყვის, რა შუაშია პატრიარქის გლოვა პოზიცია-ოპოზიციის ძალების დატოლებასთან, როდესაც პატრიარქისადმი პერსონალური პატივისცემის გამოსახატავად ოპოზიციურად განწყობილი ბევრი მოქალაქეც მივიდაო, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ საპატრიარქოს, პატრიარქს და მის გავლენებს ღიად თუ ფარულად სწორედ ოპოები ებრძოდნენ, რადგან ეკლესიას მიიჩნევდნენ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად და უმრავლეს შემთხვევაში ამას არც მალავდნენ.
სწორედ ამიტომ პატრიარქის და საპატრიარქოს დისკრედიტაციისთვის ხან რას იგონებდნენ და ხან რას
მაგალითად,
(ბიძინას პატრიარქის გადაყენება უნდოდაო,
საპატრიარქოც და ბიძინაც რუსების დაქვემდებარებაში არიანო,
სიამოვნებით ტირაჟირებდნენ პეტრე ცაავას მიერ პატრიარქზე გავრცელებულ ბინძურ ჭორებს და ა. შ.),
მიუხედავად ამისა, ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ყველას დაანახვა მისი დამოკიდებულება ქართული ეკლესიის მეთაურის მიმართ.
ილია მეორემ (რომელსაც ნაცები ხანდახან დამამცირებლად „ილია ვტაროის“ ეძახდნენ) თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ყველას აჩვენა, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ავტორიტეტი, ჭეშმარიტი ლიდერი.
ასეთი ავტორიტეტული ლიდერის ძებნაშია დღეს ოპოზიცია, ხან უკრაინელი ზელენსკი ჰყავთ კუმირად, ხან სომეხი პაშინიანი და ხან უნგრელი მადიარი, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ დაზიანებული ბიოგრაფიის ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერასოდეს მოიპოვებს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას.
ათჯერ დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ გაიგეს, რომ ქართველი ხალხის ნდობას ისინი ვერასდროს მოიპოვებენ. არადა, ჯიუტად არ უნდათ ლიდერობის დათმობა, ახალ წონიან ფიგურასაც ვერ ძერწავენ და „ღუმელთან“ ახლოს არ უშვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს ვერ იტანენ, მაინც ათასნაირად გადაჯგუფდებიან ხოლმე, ხან ალიანსს ირქმევენ, ხან ერთობას, ხან რევოლუცია უნდათ, ხან არჩევნები, ხან მიშას იმედი აქვთ, ხან მიშას ემიჯნებიან და შედეგად ისევ ბიძინას ხელისუფლების გაძლიერებას იღებენ.
ეხლა მოიგონეს, ბიძინამ „ელექტორალური ავტორიტარიზმი“ დაამყარაო. ანუ, აღიარეს, ბიძინას ელექტორატი კი ჰყავს, მაგრამ გულს იმით იმშვიდებენ, მათგან ზოგი მოსყიდულია, ზოგი შეშინებული და ზოგიც მოტყუებულიო.
არ უნდათ აღიარონ, რომ სინამდვილეში სწორედ ბიძინამ გამოავლინა დიდი პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი თვისებები დროულად მიღებული თავისი გადაწყვეტილებებით, იქნებოდა ეს საკადრო, საკანონმდებლო თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება.
არადა, ჩვენი ოპო-ლიდერები სწორედ ამ გადაწყვეტილებებს უწუნებენ ბიძინას და ამბობენ, საკადრო გადაწყვეტილებებში არც ერთმა პრემიერმა არ გაუმართლა, საკანონმდებლო გადაწყვეტილებებით ადამიანის უფლებების მდგომარეობა გააუარესა, ხოლო პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სტრატეგიული პარტნიორები დაკარგაო.
სინამდვილეში, თუ დავუკვირდებით, ყველა საკადრო გადაწყვეტილებამ თავის დროზე დადებითი როლი შეასრულა და ყველა საკადრო ცვლილებაც (პრემიერების ჩათვლით) ზუსტად იმ დროს განახორციელა, როცა მათ საკუთარი თავი ამოწურეს, ყველა საკანონმდებლო ცვლილებამ ქვეყანა დაიცვა რევოლუციური პროცესებისგან (ნებისმიერი ძლიერი და გონიერი ხელისუფლება ასე დაიცავს თავს, როდესაც მას ლამის ყოველ წელს რევოლუციით და დამხობით ემუქრებიან), ხოლო ყველა პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ საქართველო ომში ჩართვას გადაარჩინა, შექმნა აქ ეკონომიკის განვითარების პირობები და მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდის ტემპებით ქვეყანა ერთ-ერთ მოწინავედ აქცია მსოფლიოში.
ეს არის პოლიტიკა და პოლიტიკოსობა და არა გამუდმებული ლაქლაქი პარტიულ ტელევიზიებში და იმაზე მოთქმა-გოდება, რა ცუდად არის ქვეყნის საქმე და ჩვენ ვუშველით ქვეყანასო.
ხალხი ამ ყველაფერს ხედავს და ამიტომაც ირჩევს პატრიოტ, ძლიერ ხელისუფლებას და არა გარე-გარე მორბენალ პოპულისტ პოლიტიკანებს“,-წერს ნანა კაკაბაძე.











