განცხადება · 148 ნახვა
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს
„პრემიერის განცხადების შეფასებამდე, იქნებ კანონმდებლობას გავეცნოთ და გავარკვიოთ, ვის რა პასუხისმგებლობა და კომპეტენცია აკისრია. პოლიტიკური დებატები აუცილებელი და მისასალმებელია, მაგრამ ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა ფაქტების, სამართლებრივი ნორმებისა და ეკონომიკური რეალობის ცოდნით უნდა დავიწყოთ“
ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ლარის კურსი საერთოდ არ არის ეროვნული ბანკის საქმე. აღნიშნული პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ მიუხედავად სერიოზული გლობალური გამოწვევებისა, სტაბილურობის უზრუნველყოფა მაინც მოხერხდა.
ეკონომისტი აცხადებს, რომ ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა ფაქტებს, სამართლებრივ ნორმებსა და ეკონომიკური რეალობის ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს. როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება სწორედ მის კომპეტენციაში შედის.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
ეკონომისტის განმარტებით, ლარის გაცვლით კურსზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ფასების სტაბილურობა და გაცვლითი კურსის ფიქსირებული ნიშნულის შენარჩუნება სხვადასხვა ეკონომიკური მიზანია.
„ბოლო პერიოდში კვლავ აქტუალური გახდა ფასების ზრდისა და ინფლაციის საკითხი. ბუნებრივია, ეს თემა პოლიტიკური დისკუსიის საგანიც გახდა. თუმცა, ამ საკითხზე არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომელთა ნაწილი უფრო სუბიექტურ შეფასებებსა და პოლიტიკურ სპეკულაციებს ეფუძნება, ვიდრე ფაქტებსა და სამართლებრივ რეალობას.
ამიტომ, საკითხის ობიექტურად შეფასებისას, პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რას განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი პირდაპირ ადგენს:
„ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.“
ამავე მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკის ფუნქციებში შედის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების შესაბამისად.
აქვე მნიშვნელოვანია კანონის მე-4 მუხლიც, რომლის მიხედვითაც ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. შესაბამისად, მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის განხორციელება სწორედ ეროვნული ბანკის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებაა.
გირჩის წარმომადგენლებს შევახსენებთ, რომ ლარის გაცვლით კურსზე მსჯელობისას ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარემოების უგულებელყოფა არ შეიძლება.
რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის კომპეტენციაში სავალუტო პოლიტიკაც შედის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მისი მთავარი ამოცანა ლარის კურსის უცვლელობის გარანტირებაა. ფასების სტაბილურობა და გაცვლითი კურსის ფიქსირებული ნიშნულის შენარჩუნება სხვადასხვა ეკონომიკური მიზანია.
ამასთან, ლარის გაცვლით კურსზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ეროვნული ბანკის პოლიტიკა, არამედ მრავალი სხვა ფაქტორიც, მათ შორის საგარეო ვაჭრობა, კაპიტალის მოძრაობა, ფისკალური პოლიტიკა და საერთაშორისო ეკონომიკური გარემო.
შესაბამისად, როდესაც ლარის კურსზე პასუხისმგებლობის საკითხს ვაყენებთ, რატომ ვტოვებთ ყურადღების მიღმა ეროვნული ბანკის კანონით განსაზღვრულ მანდატს, მის დამოუკიდებლობასა და რეალურ უფლებამოსილებებს?
პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებამდე, იქნებ ჯერ მოქმედ კანონმდებლობას გავეცნოთ და გავარკვიოთ, ვის რა პასუხისმგებლობა და კომპეტენცია აკისრია.
პოლიტიკური დებატები აუცილებელი და მისასალმებელია, მაგრამ ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა ფაქტების, სამართლებრივი ნორმებისა და ეკონომიკური რეალობის ცოდნით უნდა დავიწყოთ.
კანონი არსებობს, ეროვნული ბანკის მანდატი განსაზღვრულია და მისი წაკითხვა ყველას შეუძლია. პოლიტიკური შეფასებები კი სწორედ ამ ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს.“ - წერს ცუცქირიძე.
გიორგი ცუცქირიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- გიორგი ცუცქირიძე„ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე გამავალი კაბელისათვის „ორმხრივი ინტერესის“ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის წარმოადგენს სტრატეგიული ტრანსფორმაციის შესაძლებლობას- ეს პროცესი აძლიერებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციას ევროკავშირთან მიმართებით“
- გიორგი ცუცქირიძე„საპარლამენტო კომისიამ უნდა მოამზადოს საკანონმდებლო რეკომენდაციები სურსათის ინფლაციის მართვის ინსტიტუციური თვალსაზრისით, თუ რატომ „გადმოდის“ საერთაშორისო ფასის ზრდა უფრო სწრაფად, ვიდრე შემცირება და რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო დონეზე“
- გიორგი ცუცქირიძე„საქართველოს მთავრობამ წარმატებით განათავსა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე- ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, არა როგორც ერთჯერადი ფინანსური ტრანზაქცია, არამედ, როგორც ეკონომიკისთვის ძლიერი სიგნალი“
- გიორგი ცუცქირიძე„მსხვილ ქსელებს აქვთ მასშტაბის ეკონომიის უპირატესობა, ანუ უფრო დაბალი შესყიდვის ფასები და ეფექტიანი ლოჯისტიკა – ეს უპირატესობა არ აისახება საბოლოო ფასზე. პირიქით, ფასები ხშირად სტაბილურად მაღალი რჩება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბაზარი ფუნქციონირებს ოლიგოპოლიური ლოგიკით“
