პოლიტიკა

რომან გოცირიძე – პრეზიდენტი პენსიაზე არ გავა – სალომე ზურაბიშვილი რეალურად ოპოზიციის დამხმარედ გვევლინება, მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება ოპოზიციის მიერ

პრეზიდენტს ვადა დეკემბერში გასდის, დეკემბრის შემდეგ მემუარების წერას არ დაიწყებს და პენსიაზე არ გავა, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, „ქართული ოცნების“ დამარცხებაში სალომე ზურაბიშვილის როლი შეიძლება „წონადი“ აღმოჩნდეს.

„ბოლოს და ბოლოს სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტია. საპრეზიდენტო ვადა მას დეკემბერში გასდის. ჩემი წარმოდგენით, ის დეკემბრის შემდეგ მემუარების წერას არ დაიწყებს და პენსიაზე არ გავა. პრეზიდენტი ყოველთვის პრეზიდენტია. მარგველაშვილიც ხომ აქტიურობს. მას ექნება თავისი ოფისი და შეიძლება მისი როლი ოპოზიციის გაერთიანებაში ან „ქართული ოცნების“ დამარცხებაში იყოს წონადი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი რეალურად ოპოზიციის დამხმარედ გვევლინება და ოპოზიცია მას თავიდანვე არ უნდა გაემიჯნოს და „ხელი არ უნდა კრას“.

„სალომე ზურაბიშვილის აქტიურობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სტატუსის მიღებაში. მისი აქტიურობა ოპოზიციის წისქვილზე ასხამს წყალს. „ქართულ ოცნებასთან“ მისი დამოკიდებულება და გამოსვლები, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მუშაობს, ხოლო ობიექტურად ქვეყნის სასარგებლოდ. განსაკუთრებით ევროკავშირთან დაკავშირებით. რატომ უნდა უკრა ხელი?

„ქართული შარლ მიშელი გავაკეთოთ“, – მისი სიტყვებია ეს. რატომ უნდა მოდიოდეს შარლ მიშელი და გვთავაზობდეს იმ აუცილებელ გასაკეთებელს, რომლის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია. ერთობის ქარტიას მან ქართული შარლ მიშელი უწოდა.

მე მიმაჩნია, რომ თავად პროცესი კარგია. ხელს უწყობს ოპოზიციის გააქტიურებას. სალომე ზურაბიშვილი რეალურად ოპოზიციის დამხმარედ გვევლინება, რადგან „ქართული ოცნების“ კრიტიკის შემდეგ მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება ოპოზიციის მიერ. თუ ერთ აგურს დადებს ამ საქმეში, რატომ უნდა გაემიჯნო თავიდანვე?“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,150 ნახვა