საზოგადოება

„მერია ქუჩაში ბანერების გაკვრაზე ნებართვას არ გასცემს, ყველა კანონდამრღვევი დაჯარიმდება“ – კახა კალაძე

„შენიღბულები გვესაუბრებიან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე, ამ დროს კი ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სოცმედიაში გავრცელებული ბანერები, რომლებზეც ახსნილი იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დეტალები, „დაარეპორტეს“ სწორედ იმ ადამიანებმა, რომლებიც დემოკრატიაზე საუბრობენ.

„ეს იყო უწყინარი ბანერები, რომლებიც ხსნიდა, რას ემსახურება რეალურად კანონი, რატომ არის გამჭვირვალე, რატომ არ არის რუსული. ე.წ. შლეიფი მოიფიქრეს და ამბობენ „რუსული კანონია“. სიღრმეში კი არავინ შედის. დაუსვით ამ ადამიანებს ეს შეკითხვა, რატომ არის რუსული კანონი. რა თქმა უნდა, პასუხს ვერ გაგცემენ, არგუმენტი არ აქვთ. აქ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ჩვენ ხომ გვესაუბრებიან, სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი და ადამიანები არ უნდა შეიზღუდონო. ამავდროულად, ნახეთ, სოციალურ ქსელში განთავსდა ბანერები, რომელიც ინფორმაციას შეიცავდა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით. არ მოეწონათ. ვის ინტერესებშიც შედის, რომ ეს კანონი მიღებული არ იყოს, მაშინვე ყველაფერი დაარეპორტეს. ეს არის რეალობა. ჩვენ შენიღბულები გვესაუბრებიან დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებაზე, ამ დროს კი ყველაფერს ამის საწინააღმდეგოდ აკეთებენ.

საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებს და ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის და განვითარებისთვის. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც სამართლიანობაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე დგას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის ქუჩებში განთავსებულ ბანერებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიზანმიმართულად ხდება, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. კანონდამრღვევი პირები კი, აუცილებლად დაჯარიმდებიან.

„მსგავსი ბანერები ქუჩებში უამრავია. რა თქმა უნდა, თბილისის მერია ამაზე ნებართვებს არ გასცემს. მიზანმიმართულად ხდება ამ ბანერების გაკვრა, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. კანონი მოქმედებს ასეთ შემთხვევაში. როგორც კი კონკრეტული კანონდამრღვევები გამოვლინდებიან, კანონის შესაბამისად დაჯარიმდებიან. რა თქმა უნდა, საუბარია ორივე მხარეზე, ვინც ბანერები განათავსა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,607 ნახვა