აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფოლადის იმპორტზე ტარიფს 50%-მდე ზრდის. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა პიტსბურგში, პენსილვანიის შტატში US Steel-ის ქარხანაში სტუმრობისას გააკეთა.
როგორც CNN-ი იუწყება, მარტში ტრამპმა იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე 25-პროცენტიანი ტარიფი დააწესა.
„ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაპირებთ გავზარდოთ ტარიფები ფოლადზე 25%-ით. ჩვენ მათ 25%-დან 50%-მდე გავზრდით“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, თავდაპირველად ის 40-პროცენტიანი ტარიფის შემოღებას გეგმავდა, მაგრამ დარგის სპეციალისტებმა მას სთხოვეს, რომ გადასახადი 50%-მდე აეწია.
„25%-ის პირობებში ისინი ღობეს გადაახტებოდნენ, ხოლო 50%-ის შემთხვევაში ისინი ამას ვერ შეძლებენ“, – თქვა ტრამპმა.
მოგვიანებით მან თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახალი ტარიფები 4 ივნისიდან შევა ძალაში.