ექვსი ბომბი ჩამოვარდა იმ ულამაზესი ბომბდამშენებიდან, რომელიც გუშინ გაუშვეს,-ასე ეხმაურება თამარ ჩერგოლეიშვილი აშშ-ს მიერ ირანის სამხედრო ობიექტების დაბომბვას.
მისი თქმით, ადრე სტატიაც აქვს დაწერილი იმაზე, რომ ისრაელს არ ჰქონდა იმ სიღრმის ბომბები (ბუნკერში დარტყმისთვის) , რაც ამერიკას.
„ ამერიკამ დაარტყა წყალქვეშა ნავიდანაც. ძალიან აჟიტირებული ვარ დილიდან. ამერიკამ აჩვენა, რომ ის მზადაა, ძალა გამოიყენოს- ძალა, რომელიც მკვეთრად აღემატება ყველა ძალას მსოფლიოში. ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის ძალის პროეცირება ჩვენს რეგიონში და რასაკვირველია, ამას გავლენა ექნება ჩვენი რეჟიმის პოზიციონერობაზეც. ჩვენ ვიცით, რა გზა აირჩია რეჟიმმა – ის დაუახლოვდა ირანს, ჩინეთს, რუსეთს, დაიწყო ანტიამერიკული, ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოება და ამაში დაინახა საკუთარი თავის გადარჩენა. ეს კი, ჩვენ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ სწორად უნდა გამოვიყენოთ“,-აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი ვიდეო-მიმართვაში.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან დაპირისპირებით, მარტო გვტოვებს ირანის, რუსეთის და ჩინეთის პირისპირ და ეს არის გამოსაყენებელი.
„ერთადერთი გზა, რომ ჩვენ კრიზისი დავძლიოთ და უზრუნველვყოთ ხანგრძლივი მშვიდობა, არის- შევცვალოთ რეჟიმი. რუსეთის მარცხი ამ რეგიონში იცით, რამხელა აღმაფრენას მოგვცემს? “,-ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჩერგოლეიშვილი.
მისი თქმით, საჭიროა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის ეროზია ყველა დონეზე.
„საერთაშორისო დონეზე ამას წარმატებით ვართმევთ თავს, ეროვნულ დონეზეც ეს მიღწეულია, რადგან პარლამენტი ერთპარტიულია და რუსთაველზე გზა ყოველდღე იკეტება. ახლა საჭიროა, რომ ეს გადავიდეს რეგიონულ დონეზეც და თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული ფარსი გადაიქცეს ახალი არჩევნების მოთხოვნის კამპანიად. ამისი რესურსი არსებობს, და ეს უნდა გამოვიყენოთ. ახლა წავედი აუზზე, აპეროლით უნდა აღვნიშნო გუშინდელი ღამე“,-ამბობს ჩეგოლეიშვილი.