მოპარული ან მითვისებული ქონების უკან დაბრუნების მექანიზმი მკაცრდება. ახალ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
მმართველი გუნდის შეფასებით კანონის გამკაცრება გაამარტივებს დაზარალებულთათვის საკუთარი ქონების დაბრუნებას და მოახდენს თაღლითური და უკანონო გზით ქონების მითვისების შემთხვევების პრევენციას. ახალი კანონპროექტით ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევა.
„როდესაც კონკრეტული ადამიანი უკანონოდ ითვისებს სხვის ქონებას, მას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მას ეს არ შერჩება. იმისთვის, რომ სახელმწიფომ დაზარალებულის ინტერესები დაიცვას, მნიშვნელოვანია გამარტივდეს ზიანის ამოღების პროცედურები. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა იცოდეს, რომ ციხე ვერ იქნება პროპორციული სასჯელი. ნებისმიერ შემთხვევაში – გაასხვისებს თუ არა ის თაღლითობით მიღებულ ქონებას, ზიანის ანაზღაურდება და ამით აღდგება სამართალი“, – განმარტა მმართველი პარტიის პარლამენტის ფრაქციის აპარატის უფროსმა ავთანდილ კუნჭულიამ.