პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სასამართლომ შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე მას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება. განაჩენი მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დღევანდელ სასამართლო სხდომას არ დასწრებია.
დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა გადახდის ვადა კი 18 მაისს ამოეწურა. გირაოს გადაუხდელობის გამო აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით 22 მაისს შეეცვალა.