Uncategorized

მამუკა მდინარაძე: თუკი ვინმეს ხელი წაუცდება, სახელმწიფო იქნება შეურიგებელი, რადგან კორუფცია თითოეულ ჩვენგანს გვაზიანებს. ყველას ვაფრთხილებ, ხელი არავის წაუცდეს!

თუკი ვინმეს ხელი წაუცდება, სახელმწიფო ამის მიმართ შეურიგებელი იქნება, რადგან კორუფცია თითოეულ ჩვენგანს გვაზიანებს – ჩვენ, როგორც პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს გვაზიანებს და ქვეყანა მიჰყავს უკან, – განაცხადა რომეო მიქაუტაძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუკი რომელიმე საჯარო მოხელე, მათი თანაგუნდელი იქნება მხილებული კორუფციაში, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს.

„სხვადასხვა მოტივით, ზოგადად, მე თავს შევიკავებ კონკრეტულ ადამიანზე თუ საქმეზე საუბრისგან. ჩვენ გვაქვს ამბიცია და ეს შემთხვევით არ გვითქვამს, რომ კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით მსოფლიო სამეულში, ათწლეულების შემდეგ კი არა, ძალიან მალე შევიდეთ.

თუკი რომელიმე საჯარო მოხელე, ჩვენი თანაგუნდელი იქნება მხილებული განაჩენით – არც პრეზუმფციას დავარღვევ, არც კონკრეტულ პირზე ვილაპარაკებ, იმაში, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, კანონი იქნება აღსრულებული. წარსულს თავი დავანებოთ, მომავალში მინდა გავაფრთხილო ყველა – ეს არის ჩვენი მიდგომა! რაც არ უნდა ილაპარაკონ ახლა სპეკულაციურად სხვადასხვა მედია საშუალებამ, ჩვენი მიდგომა არის ერთი – ყველას ვაფრთხილებ მთელი პასუხისმგებლობით. ეს არის გუნდის მიდგომა – აღმასრულებელი, საკანონმდებლოსა და ყველა შტოსი. დარწმუნებული ვარ, კორუფციასთან ბრძოლაში სასამართლოც თავის პოზიტიურ, კანონის ჩარჩოებში წვლილს შეიტანს. ამიტომ, მთელი სითამამით ვამბობ, რომ თუკი ამ ქვეყანაში კიდევ რჩება კორუფცია – ეს გასაგებია, რომ ყველა ქვეყანაშია რაღაც დონეზე, ჩვენ ამ მიმართულებით წინ მივიწევთ, მაგრამ ყველას ვაფრთხილებ, ხელი არავის წაუცდეს! ეს არ არის ჩვენი მიდგომა ისეთი, რომ ხისტად და რაღაც მეთოდებითა და საჩვენებელი მასკარადებით, როგორც აკეთებდა წინა ხელისუფლება – ასე არა, მაგრამ თუკი ვინმეს ხელი წაუცდება, სახელმწიფო ამის მიმართ შეურიგებელი იქნება, რადგან თითოეულ ჩვენგანს გვაზიანებს – ჩვენ, როგორც პოლიტიკოსებს, მოქალაქეებს გვაზიანებს და ქვეყანა მიჰყავს უკან“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, თუკი რაიმე შემაფერხებელი შეიძლება არსებობდეს, კორუფცია ერთ-ერთი მთავარია.

„თუკი ვინმეს მოუნდება, რომ ხელი მოითბოს, ჩვენ ამის მიმართაც შეურიგებლები ვიქნებით, ხაზს ვუსვამ, ყოველგვარი მასკარადებისა და დადგმების გარეშე. უბრალოდ, ვიქნებით შეურიგებლები“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მათ შესწევთ ძალა, დღეს კორუფციას სხვა დინამიკით ებრძოლონ.

მდინარაძემ კორუფციასთან ბრძოლის სამი მთავარი მიზეზი დაასახელა. ეს არის ის, რომ მართლები იქნებიან საკუთარ მორალთან, ასევე, მისივე განმარტებით, კორუფციის თითოეული ფაქტი ეკონომიკას უკან წევს და ამით, ასევე შვილების წინაშე იქნებიან მართლები.

„ისინი ისწავლიან, თუ როგორ შეიძლება აბსოლუტურად პატიოსნად ცხოვრება და როგორ შეიძლება პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე, ის ადამიანი, რომელიც მილიარდებს მართავს, იყოს პატიოსანი. ერთხელ და სამუდამოდ შეიძლება ამის პრეცედენტი შევქმნათ – პატიოსნების პრეცედენტები შევქმნათ, დღეს დაუჯერებელი რომ არის. საქართველოში ჯერ კიდევ არის სტერეოტიპი, რომ თუ ხარ პირველი პირი, მეორე პირი, სადღაც ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენ, სიტყვა გეთქმის, თანამდებობა გაქვს, შენ აუცილებლად ფულს უნდა აკეთებდე. აი, ეს სტერეოტიპი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

რომეო მიქაუტაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა