ევროპისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსები წინ უნდა აღუდგნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებებს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ, – წერს ბრიტანელი ექსპერტი, ყოფილი დიპლომატი იან პრაუდი.
მისი განცხადებით, პოლიტიკური ოპოზიციის ხელში სანქციები ცინიკურ ინსტრუმენტად იქცა, რათა უცხო ქვეყნების მთავრობები შიდა საქმეებში ჩარიონ. ყოფილი დიპლომატის ინფორმაციით, გასულ კვირას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ბრიტანელ პოლიტიკოსებში ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ლობირებდა.
„მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასავლეთის ინტერესმა საქართველოს მიმართ იკლო, ეს უკანასკნელნი [ოპოზიცია] მუდმივად მოუწოდებენ ევროპას, შემოიღოს სანქციები კანონმდებლების, ჩინოვნიკებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ, რომლებსაც „ქართული ოცნების“ მთავრობასთან კავშირში სდებენ ბრალს“, – აღნიშნავს პრაუდი.
მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი, როგორც წესი, სანქციებს ერთობლივად იღებს, ბალტიისპირეთის სამმა სახელმწიფომ – ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა – ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციები ცალმხრივად შემოიღეს 2024 წლის დეკემბრის ძალადობრივი დემონსტრაციების გამო, რომელიც არჩევნების შემდეგ გაიმართა. პრაუდის განმარტებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ დიდი ბრიტანეთი იგივე გზას დაადგეს. ყოფილი დიპლომატის განცხადებით, ისინი სანქციებს „ქართული ოცნების“ მთავრობისთვის ძირისგამომთხრელ ინსტრუმენტად განიხილავენ, რათა ძალაუფლება ხელში თავად ჩაიგდონ.
„მათთვის, ვინც ბოლომდე არ იცნობს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს 2003-2012 წლებში მართავდა. ის საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლამდე იყო. მათი მმართველობის დროს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მრავალი ფაქტი, კორუფციის მაღალი დონე და პოლიციის სისასტიკე იყო. ერთი შოკისმომგვრელი შემთხვევა ახალგაზრდა ადამიანს ეხებოდა, რომელიც შსს-ს თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ მოკლეს; სააკაშვილმა მკვლელები შეიწყალა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის გამო გასამართლდა“, – წერს პრაუდი.
ყოფილი დიპლომატის განცხადებით, სააკაშვილი სასოწარკვეთილი ცდილობდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რამაც 2008 წელს რუსეთთან დამანგრეველ ომამდე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფამდე და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე მიიყვანა.
„სააკაშვილი ოდესაში გაიქცა, მიიღო მოქალაქეობა, რათა გუბერნატორი გამხდარიყო და ამით საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. მაგრამ მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკის გამო ის ქვეყნიდან გააძევეს და მოქალაქეობა ჩამოართვეს. შოუმენმა საჯაროდ თქვა, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს და 2021 წელს დაბრუნდა, თუმცა ქვეყანაში უკანონოდ შემოსვლის ბრალდებით დააკავეს. ახლა ის ციხეშია და სხვადასხვა განაჩენის, მათ შორის გაფლანგვის გამო სასჯელს იხდის. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი განცხადება მნიშვნელოვანია აღვიქვათ ძალზედ სკეპტიკურად. როგორც ჩანს, მათი ძირითადი სცენარი იმაში მდგომარეობს, რომ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები გაყალბებული იყო, რომ პარტია „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია არ აქვს და რეპრესიის ინსტრუმენტებს ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით იყენებს. მათი განცხადებები საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რომელსაც დასავლური მედია იტაცებს, ეუთოს დასკვნებს არ ემთხვევა“, – დაწერა მან.
ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი, იან პრაუდი აქვეყნებს სტატიას, სათაურით – „ევროპული სანქციები ინდუსტრიაა, რომელიც ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად არის“.