პოლიტიკა

კახა კალაძე: ახალგაზრდების სიყვარული ქვეყნისა და ქალაქისადმი გვაძლევს იმედს, რომ თბილისი ნამდვილად იქნება ცოცხალი, თანამედროვე და განახლებაზე ორიენტირებული ქალაქი

თქვენი ენერგია და იდეები ჩვენი ქალაქის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, – ასე მიმართა ახალგაზრდებს თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მომავალშიც ახალგაზრდული ძალა ქალაქის კიდევ უფრო განვითარებისკენ იქნება მიმართული.

„თბილისი შესაძლებლობების ქალაქია, ამის გარანტი კი ხართ თქვენ, ახალგაზრდები, მომავალი თაობა – ჩვენი ხვალინდელი დღის საყრდენი და იმედი. მე თითქმის ყოველდღიური შეხება მაქვს ახალგაზრდობასთან, რომელთა ენერგია და იდეები ჩვენი ქალაქის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გაძლევთ პირობას, ამ ძალას მომავალშიც გამოვიყენებთ მეტი განვითარებისთვის, შენებისთვის. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ქალაქის განვითარებას – ესაა პასუხისმგებლობის გაზიარება, იდეების გაცვლა და ერთობლივი შრომა უკეთესი თბილისისთვის. ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენი სიყვარული ქვეყნისა და ქალაქისადმი გვაძლევს იმედს, რომ თბილისი ნამდვილად იქნება ცოცხალი, თანამედროვე და განახლებაზე ორიენტირებული ქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე განმარტა, რომ მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობის ტარება შეუძლებელი იქნებოდა რიგითი თბილისელების, თბილისის მერიის თანამშრომლებისა და ძლიერი პოლიტიკური გუნდის – „ქართული ოცნების“ გარეშე.

„რასაკვირველია, ამხელა ტვირთს საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი, რომ არ მქონდეს თქვენი, თბილისელების დიდი მხარდაჭერა. რომ არ იდგეს ჩემს ზურგს უკან ძლიერი პოლიტიკური გუნდი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი აქვს ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის განმტკიცებაში. რთული იქნებოდა დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა, რომ არა თბილისის მერიის გამოცდილ, პროფესიონალ თანამშრომელთა უზარმაზარი არმია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ 24-საათიან რეჟიმში ვართ ქალაქის, თბილისელების სამსახურში. აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს – ჩემს მეუღლეს და ჩემს უფროს ვაჟს, ლევანს, მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად ბევრი მიღწევისა და წინსვლისა, ქალაქის კიდევ უფრო განვითარება თანმიმდევრული ხედვითა და გეგმითაა შესაძლებელი.

„სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სიძველის მიუხედავად, დღეს თბილისი საოცრად თანამედროვე ქალაქია, თავისი პარკებით, სკვერებით, კულტურული სივრცეებით, სპორტული მოედნებით, მოდერნიზებული ქუჩებით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მაგრამ თბილისი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს – უნდა განვითარდეს სწორად, თანმიმდევრულად, სწორი და ზუსტი ხედვითა და გეგმით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა