Uncategorized

კოლეჯი „პრესტიჟი“- დღეს ვიხსენებთ ბ-ნ გივი შიოშვილს, რომელმაც არსებითი წვლილი შეიტანა ჩვენი კოლეჯის დაარსებაში

კოლეჯი „პრესტიჟი“ განცხადებას ავრცელებს და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად კოლეჯის დამფუძნებელ გივი შიოშვილს იხსენებს.

„დღეს, 1 სექტემბერს, აღინიშნება ახალი სასწავლო წლის დაწყება — უმნიშვნელოვანესი თარიღი საგანმანათლებლო სივრცეში. ამავე დროს, სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს ვიხსენებთ ბატონ გივი შიოშვილს — კოლეჯი „პრესტიჟის“ დამფუძნებელს, რომელმაც არსებითი წვლილი შეიტანა პროფესიული განათლების განვითარების საქმეში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდების როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებაში.

ბატონი გივი შიოშვილი პირადად მონაწილეობდა კოლეჯის დაარსების პროცესში — საძირკვლის ჩაყრიდან დაწყებული, სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრით დასრულებული. მისმა შორსმჭვრეტელმა ხედვამ, უანგარო შრომამ და მაღალმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობამ კოლეჯს დაუმკვიდრა ადგილი პროფესიული განათლების ერთ-ერთ წამყვან დაწესებულებად და გააძლიერა მისდამი საზოგადოებრივი ნდობა. მისი მოღვაწეობა გამორჩეული იყო ჰუმანიზმით, კეთილგანწყობით, სიდარბაისლითა და ღირსებით. თანამშრომლებისთვის იგი წარმოადგენდა არა მხოლოდ ხელმძღვანელს, არამედ მამობრივი მზრუნველობით გამოირჩეოდა თითოეული მათგანის მიმართ. ბატონი გივის მიერ დანერგილი ღირებულებები, პროფესიული სტანდარტები და ეთიკური პრინციპები კვლავ ცოცხლობს კოლეჯის ყოველდღიურ საქმიანობაში და შთაგონების წყაროდ რჩება როგორც სტუდენტებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის.

კოლეჯი “პრესტიჟი” მადლიერებით, მოწიწებითა და განსაკუთრებული პატივისცემით ვიხსენებთ მის სახელს. დაე, მისმა ნათელმა სულმა დაიმკვიდროს ადგილი ცათა სასუფეველში, სადაც მართალნი განისვენებენ“,ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა