საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1963 წელს დაბადებული მ.ლ. დააკავეს, რომელიც გუშინ, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს აქციის მონაწილეთა შორის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
შსს-ს ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.
„ასევე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.