სამართალი

შსს – რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 პირია დაკავებული, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი – თ.თ, ნ.ს., ლ.მ., გ.გ., ვ.მ., ს.ხ., მ.კ., შ.ჩ., ლ.ჩ., ლ.ჯ., ვ.ს., გ.ყ., დ.გ. და ლ.ნ. დააკავა, ასევე, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ, 2025 წლის 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.

აღნიშნული ქმედებით აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

მიუხედავად პოლიციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებისა, არ შეეფერხებინათ სატრანსპორტო მოძრაობა, აქციის მონაწილეები პოლიციას არ დაემორჩილნენ და გააგრძელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ასევე, დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც, ასევე, კანონდარღვევას წარმოადგენს.

შესაბამისად, მოხდა 27 სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირება, რომელთაგანაც 14 პირი უკვე დაკავებულია, ხოლო 13 პირის მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და მომდევნო დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით  განხილვა.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები განმეორებით ჩაიდენენ მსგავს ქმედებას, მათ მიმართ დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს“,- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა