Uncategorized

პრემიერი: „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება.

„გულითადად მოგესალმებით და მოხარული ვარ, გიმასპინძლოთ თბილისში, მეხუთე საიუბილეო „აბრეშუმის გზის ფორუმზე“.
2015 წელს, როდესაც ამ ფორუმს საფუძველი ჩაეყარა, ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა პლატფორმა დიალოგისთვის. დღეს, ათი წლის შემდეგ, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ შეხვედრების ადგილი. ის იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება.
განსაკუთრებით მიხარია, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების – სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები. თქვენი აქ ყოფნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს გვაქვს საერთო ხედვა – ერთობლივი ძალისხმევით ვაქციოთ ჩვენი რეგიონი მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცედ.
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა. ასევე, ძალზე გვახარებს მაღალი რანგის სტუმართა ჩამობრძანება ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან თუ მსოფლიოს სხვა კუთხეებიდან, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის მონაწილეობა, რაც ამ ფორუმს გლობალურ მასშტაბს სძენს.
სიმბოლურია, რომ ეს ფორუმი იმართება საქართველოში – ქვეყანაში, რომელიც ისტორიულად იყო და რჩება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდად. საუკუნეების განმავლობაში, აბრეშუმის გზაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებდა, მოძრაობდა არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ კულტურა, იდეები და პროგრესი. დღეს, მსოფლიო ტრანსფორმაციების ეპოქაში, ახალი გამოწვევების და, ამავდროულად, შესაძლებლობათა წინაშე, ისტორიული აბრეშუმის გზის იდეა იძენს სრულიად ახალ, საკვანძო მნიშვნელობას. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა – ინვესტიცია კავშირებში, ზრდა სტაბილურობაში – სწორედ ამ ახალ გამოწვევებზე პასუხს წარმოადგენს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს სლოგანი ამავდროულად ზუსტად ასახავს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკას.

„დღეს, როდესაც მსოფლიო ტრადიციული სავაჭრო გზებისა და მიწოდების ჯაჭვების გადაფასების, ახალი მარშრუტების ძიების პროცესშია, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცებისკენ. ეს აუცილებელი პირობაა, რათა საქართველო ვაქციოთ რეგიონის ეკონომიკური და ლოგისტიკური ცენტრის მყარ ღერძად. ჩვენ გვჯერა, რომ მშვიდობა, სტაბილურობა და პროგნოზირებადობა უმთავრესი კაპიტალია, რომელიც ჩვენს პარტნიორებსა და ინვესტორებს შეგვიძლია შევთავაზოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა