ირაკლი ღარიბაშვილს არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა მედიასთან განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, რომელი კომპანიები ან ვინ ეხმარებოდა ირაკლი ღარიბაშვილს უკანონო შემოსავლის მიღებაში, ადვოკატმა აღნიშნა, რომ “ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს” და დამატებით დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
მისივე თქმით, არის კითხვები, თუ რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო. ადვოკატს ამის მიზეზად მოჰყავს ის, რომ ღარიბაშვილი არ ემალება გამოძიებას და იხდის მნიშვნელოვანი მოცულობის გირაოს. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალად არ ედება საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვა ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც არის მნიშვნელოვანი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებისთვის.
„ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების დასრულების შემდგომ გავაკეთებთ დამატებით კომენტარს აღნიშნულ დეტალებზე.
ბრალდებასთან დაკავშირებით განვმარტეთ დაცვის მხარემ, რომ ბატონი ირაკლი ცნობს თავს დამნაშავედ, ეთანხმება ბრალს იმ ნაწილში, რაც დაკავშირებულია მისი მხრიდან უკანონო შემოსავლის მიღებაში, რაც ებმის იმ პერიოდს, როცა იგი კერძო სექტორში, ბიზნესში იყო, და შემდგომ პერიოდს, როცა ის იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ იყო კითხვები, რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს სასამართლო და ბრალდების მხარე მხედველობაში იღებს ბევრ გარემოებას, არცერთი საქმე არ ჰგავს ერთმანეთს. როცა ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ ემალება გამოძიებას, ეთანხმება ბრალს და იხდის მნიშვნელოვანი მოცულობის გირაოს, პატიმრობის ნაცვლად, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არის პროცესუალური საკითხი.
გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ჩემი მხრიდან დამატებითი დეტალების განმარტება საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, არ არის მიზანშეწონილი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ, როგორც ასევე თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა კარგად უნდა გამიგოთ, რომ მე შეზღუდული ვარ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესებით“, – აღნიშნა ამირან გიგუაშვილმა.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ აპირებს 1 მლნ ლარის გირაოს გადახდას ექსპრემიერი – თანხით თუ ქონების უზრუნველყოფით, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამაზე იმსჯელებენ.
„30-დღიანი ვადა გვაქვს და სავარაუდოდ, რაციონალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – აღნიშნა მან.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, დაისვა თუ არა კითხვები ჩარტერთან დაკავშირებით, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ამაზე კითხვები არ იყო.
ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე სხდომა გაიმართა. ექსპრემიერი სასამართლოში მივიდა და სხდომას დაესწრო. პროცესს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე უძღვებოდა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე გულისხმობს. სსკ-ის აღნიშნული მუხლი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ეხება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც მოითხოვს, რაც საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას გულისხმობს.











