ავსტრიის ქალაქ აბსდორფის ერთ-ერთმა სკოლამ პირველკლასელ მოსწავლეებს კითხვარის მეშვეობით ექვსი სქესის არჩევანი შესთავაზა. ინფორმაციას ავსტრიული Kronen Zeitung-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, სკოლის მოსწავლეებს ანკეტის შევსებისას შემდეგი სახეობის სქესის მითითებას სთავაზობდნენ: „მამრობითი“, „მდედრობითი“, „სხვა“, „ღია“, „ინტერსექსი“ და „არ არის მითითებული“.
აღნიშნულმა ბავშვების მშობლების აღშფოთება გამოიწვია. მათ ეს საკითხი რეგიონულ პარლამენტამდე მიიტანეს.
მომხდარს გამოეხმაურნენ პოლიტიკოსებიც. კერძოდ, ადგილობრივი საკრებულოს წევრმა დანიელ ჰოლენშტაინერმა განაცხადა: „მშობლები ამბობენ, რომ ეს აბსურდი და სისულელეა, და ისინი მართლები არიან. თუ აბსდორფის დაწყებითი სკოლა ასეთ იდეოლოგიურად დაზიანებულ ანკეტებს არიგებს, აქ რაღაც ისე არ არის“.
ჰოლენშტაინერს მხარი ქვემო ავსტრიის ფედერალური მიწის პარლამენტის წევრმა ანდრეას ბორსმა დაუჭირა. „აბსდორფის სკოლაში მომხდარი ფაქტი არის საგანგაშო მაგალითი იმისა, თუ როგორ მიდის ჩვენს ბავშვებამდე იდეოლოგიური ექსპერიმენტები ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე“, – დასძინა მან.
მისი განცხადებით, „გაუსაძლისი გენდერული სიგიჟე უნდა დასრულდეს“. ბორსი ავსტრიის განათლების დირექტორატს მიმართავს და მას რეაგირებისკენ მოუწოდებს. თავად დირექტორატში განმარტავენ, რომ ასეთი ინიციატივების გატარება სკოლის კომპეტენციას წარმოადგენს.











