ნიუ-იორკის ყოფილი მერის, ერიკ ადამსის მიერ დანიშნული მღრღნელებთან ბრძოლის სპეციალური კოორდინატორის გადადგომის შემდეგ, რამდენიმე თვე გავიდა, თუმცა მისი შემცვლელი დღემდე არ მოუძებნიათ. ნიუ-იორკის მაცხოვრებლები უკვე განგაშს ტეხენ მოახლოებული „ვირთხების აპოკალიფსის“ გამო და ქალაქის ხელისუფლებას სთხოვენ, რომ მღრღნელების პრობლემის გადასაჭრელად ყველა შესაძლო უწყება ჩართოს, იუწყება CBS News.
ბრუკლინის რაიონის მაცხოვრებლებმა საკუთარი საბრძოლო ჯგუფიც კი შექმნეს — სტერლინგის კომიტეტი ვირთხებთან ბრძოლისთვის (S.C.R.A.M.). კომიტეტის აქტივისტები აცხადებენ, რომ კვარტალში მდებარე მაღაზიების უკანა ეზოები ნამდვილ ვირთხების სამეფოდ იქცა.
საზოგადოებრივი აღშფოთების ფონზე, ქალაქის საბჭო განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ჯანდაცვის დეპარტამენტს ავალდებულებს, 10 დღის განმავლობაში უპასუხოს ვირთხებთან დაკავშირებულ საჩივრებს.
ნიუ-იორკის მაცხოვრებლები ღია წერილში ვირთხების ბუმს უკავშირებენ ნაგვის კონტეინერების არქონასა და რესტორნების მხრიდან დარღვევებს, რომლებიც ნარჩენებს ისევ ტომრებით ყრიან ქუჩაში. სანიტარული დეპარტამენტი საპირისპიროს ამტკიცებს და აცხადებს, რომ ქალაქში ვირთხების რაოდენობა მცირდება, ხოლო კონტეინერები ეფექტურად მუშაობს.











