უნარების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგად, კოლეჯ „პრესტიჟის“ ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტმა სოფო ნიჟარაძემ წარმატებით გაიარა ყველა ეტაპი და 100 კანდიდატიდან შეირჩა 10 მონაწილეს შორის და ფინეთში ექვსდღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციაში შედიოდნენ ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტები და კოორდინატორები ქვეყნის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
ვიზიტის მთავარი მიზანი იყო ფინეთის წამყვანი საგანმანათლებლო სისტემის გამოცდილების გაცნობა, ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდაჭერა და შესაძლებლობების კვლევა, თუ როგორ შეიძლება ეს საერთაშორისო პრაქტიკები საქართველოში დაინერგოს.
საქართველოს დელეგაციამ ჰელსინკიში მოინახულა საჯარო ბიბლიოთეკა Oodi, სადაც გაიმართა სამუშაო შეხვედრა ფინეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენელთან. დელეგაციას მიეწოდა ინფორმაცია ფინეთის განათლების საერთო სტრუქტურის, ინკლუზიური პოლიტიკისა და განათლებაში ჩართულ პირებზე ზრუნვის თანამედროვე მოდელების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა გაცნობითი შეხვედრები და ექსკურსიები შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში:
- Haaga-Helia University of Applied Sciences – ინკლუზიური უმაღლესი განათლების მართვის მოდელი;
- Omnia – სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი – პროფესიული განათლების ზოგადი სტრუქტურა და სსსმ/შშმ სტუდენტთა ჩართულობის პრაქტიკა;
- Luovi – სპეციალიზებული პროფესიული კოლეჯი – სწავლების მეთოდები და მხარდაჭერის სისტემა სხვადასხვა საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის.
მონაწილეებმა მოინახულეს დასაქმების ობიექტები, სადაც სსსმ/შშმ და ტიპიური განვითარების მქონე სტუდენტები გადიან პრაქტიკულ სწავლება-დასაქმების ეტაპს, რაც უზრუნველყოფს მათ პროფესიულ გამოცდილებას და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.
“ფინეთში მიღებულმა გამოცდილებამ დამანახა, რომ პროფესიული განათლება შეიძლება იქცეს რეალური შესაძლებლობის ინსტრუმენტად თითოეული სტუდენტის განვითარებისათვის, მიუხედავად მათი უნარებისა ან შეზღუდვების. ჩემი მიზანია, დავნერგო იქ მიღებული ინოვაციური პრაქტიკები ჩვენს კოლეჯში, რომელიც გამოირჩევა ევროსტანდარტის დონის სასწავლო გარემოთი და სრულად პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს”-განაცხადა სოფიკო ნიჟარაძემ.












