მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდა. სადამფუძნებლო ყრილობა დღეს გამართა. ყრილობაზე დამტკიცდა გაერთიანების წესდება, აირჩიეს პარტიის ხელმძღვანელი და სხვა სტრუქტურული ერთეულები.
პოლიტიკური საბჭოს წევრებად არჩეული არიან ვახტანგ შაქარიშვილი, ლევან ნიკოლეიშვილი და ბიძინა გიორგობიანი; აღმასრულებელ მდივნად კი აირჩიეს ვახტანგ შაქარიშვილი.
პარტიის ლიდერების განცხადებით, „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიზნებია საზოგადოებაში ეროვნული და ტრადიციული ფასეულობების დაცვა; საერთაშორისოდ აღიარებული მუდმივი ნეიტრალიტეტის მქონე სახელმწიფოს სტატუსის მოპოვება და შენარჩუნება; სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფა; საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება; ქვეყნის ეკონომიური, სოციალური და კულტურული განვითარება; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
პარტიის ლიდერის, ვატო შაქარიშვილის განცხადებით, საქართველოს ნეიტრალიტეტი არის საქართველოს მომავალი.
„ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და მოვახდინოთ ეკონომიკური გარღვევა, განვვითარდეთ და უზრუნველვყოთ კეთილდღეობა, ამისთვის აუცილებელია ნეიტრალიტეტი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება იმ ყველაფრის ფონზე, რაც ვითარდება უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით. იმ ე.წ. სამშვიდობო შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე, კიდევ უფრო აბსურდული ხდება საქართველოს კონსტიტუციაში კონსტიტუციურ დოგმად ჩაწერილი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების აუცილებლობა“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
ამასთან, პარტიის კიდევ ერთი ლიდერის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, 2028 წლისთვის პარტია მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.
„გამოვიტანთ ამ საკითხს არჩევნებზე ჩვენს ძირითად პუნქტად, რომ საქართველოს ჰქონდეს მუდმივმოქმედი ნეიტრალიტეტის სახელმწიფოს სტატუსი. ეს ჩვენ დაგვაახლოებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან. ეს ჩვენ დაგვაახლოებს გრძელვადიან მშვიდობასთან საქართველოში და ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან კარგად გამოკვეთილი და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებას“, – განაცხადა გიორგობიანმა.











