თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსკენ მომავალ რუსულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა.. საუბარია, შავ ზღვაში მცურავ გემ Midvolga 2-ზე, რომელსაც საქართველოში მზესუმზირას ზეთი უნდა ჩამოეტანა.
ოფიციალური ანკარას განმარტებით, თავდასხმა თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 128 კილომეტრის დაშორებით მოხდა. არსებული ინფორმაციით, გემზე 13 პირი იმყოფებოდა, რომელთაგან არცერთის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ოფიციალური ანკარას თქმით, გემი დამოუკიდებლად გადაადგილებას კვლავ ახერხებს და ის ამჟამად თურქეთის სანაპიროსკენ მიემართება.
ცნობისთვის, ბოლო კვირებში შავ ზღვაში მცურავ რუსულ ტანკერებზე შეტევა უკრაინამ უკვე რამდენჯერმე განახორციელა. მათ შორის, ყველაზე ბოლოს კვირას, როცა ე.წ. ჩრდილოვან ფლოტში შემავალმა გემმა სახელად Virat-მა მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო. რუსული ომის მანქანისთვის შექმნილი ფლოტის კიდევ ერთ ხომალდ Kairos-ზე შეტევა კი უკრაინამ 29 ნოემბერს მიიტანა. ცნობისთვის, აღნიშნული გემი გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა მოქცეული.











