„როდესაც საინფორმაციო ხაზს ლობისტური კონტრაქტი მართავს, შედეგი წინასწარ ცნობილია — შეკვეთილი სტატიები, გაბერილი თემები და ხელოვნურად შექმნილი „კრიზისები“. ესაა მთელი „ფეიკ-ინდუსტრიის“ მუშაობის სპეციფიკა!“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და განმარტავს, თუ როგორ უწყობენ ხელს ლობისტური კომპანიები მართვად მედიასაშუალებებს აწარმოონ ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანია.
„აშშ-ის FARA-ს მიხედვით „ნაციონალური მოძრაობა” 2025 წლის ივლისიდან ქირაობს Nelson Mullins-ს — ლობისტებს, რომლებსაც კონკრეტული დავალება აქვთ: იმ მედიებთან შეხვედრები, რომლებიც „მეგობარი აქტზე“ კრიტიკულ სტატიებს აქვეყნებდნენ და საქართველოს წინააღმდეგ „ნარატივის” ხელოვნურად გაღრმავებას უწყობდნენ ხელს. კონტრაქტი პირდაპირ იმის მტკიცებულებაა, რომ „Reuters-ის”, „The Hill-ის”, „Newsmax-ის” და სხვა პლატფორმების გამოყენებით ძალიან ადვილია მიხვდე, როგორ მზადდება „სიუჟეტები“, რომლებიც თითქოს დამოუკიდებელი „ჟურნალისტური გამოძიებაა“. ამ კონტექსტში „ბიბისის” ფეიკ-სიუჟეტიც აღარ ჩანს „შემთხვევით დამთხვევად“ – ეს არის იმავე საინფორმაციო ჯაჭვის გაგრძელება, სადაც ლობისტური ფული ქმნის „სკანდალებს“, კონკრეტული პოლიტიკური ძალა კი, შემდეგ ამ სკანდალებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ურტყამს. როდესაც საინფორმაციო ხაზს ლობისტური კონტრაქტი მართავს, შედეგი წინასწარ ცნობილია — შეკვეთილი სტატიები, გაბერილი თემები და ხელოვნურად შექმნილი „კრიზისები“. ესაა მთელი „ფეიკ-ინდუსტრიის“ მუშაობის სპეციფიკა!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.











