უკრაინის პრეზიდენტი სატელეფონო ზარით ჩაერთო ამერიკელ წარმომადგენლებთან ფლორიდაში მიმდინარე მოლაპარაკებებში. როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განაცხადა, მხარეებს შორის შედგა „შინაარსიანი და კონსტრუქციული“ საუბარი.
ამავდროულად, Axios, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ზელენსკი უიტკოფთან და კუშნერთან ტერიტორიების საკითხს შეეხო და ეს განხილვა რთული იყო.
გამოცემის წყარომ ასევე დაადასტურა, რომ უიტკოფი და კუშნერი ორივე მხრიდან აგროვებენ წინადადებებს და ზეწოლას ახდენენ როგორც რუსეთზე, ისე უკრაინაზე — ამერიკულ მხარეს მიაჩნია, რომ შეთანხმების მისაღწევად დათმობებზე უნდა წავიდნენ როგორც პუტინი, ისე ზელენსკი.
აღნიშნულია, რომ რუსეთი კვლავაც მოითხოვს უკრაინული ჯარების გაყვანას დონბასის ტერიტორიიდან. თუმცა, Axios ხაზს უსვამს, რომ აშშ ახლა „ცდილობს ახალი იდეების შემუშავებას ამ პრობლემის დასაძლევად“. კიდევ ერთი საკვანძო საკითხი აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებია.
Axios-თან მოსაუბრე უკრაინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, რომლებიც კიევს წარმოადგენდნენ ფლორიდის მოლაპარაკებებზე, ორშაბათს, 8 დეკემბერს, შეხვდებიან ზელენსკის, რათა შეაფასონ ყველა წინადადება და „ჩაატარონ ბრაინშტორმი“ (იდეების გენერირება).











