ამერიკულ მედიაში ახალი სკანდალური დეტალები ვრცელდება რენე გუდის მკვლელობის შესახებ, რომელმაც მთელი აშშ-ში საპროტესტო ტალღა გამოიწვია. გამოცემა The New York Times-მა მოიპოვა საგანგებო სამსახურების ოქმები და 911-ში განხორციელებული ზარების ჩანაწერები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ფედერალური აგენტების ქმედებებს ტრაგედიის პირველ წუთებში.
დოკუმენტების თანახმად, რენე გუდს ცეცხლსასროლი ჭრილობები გულმკერდისა და ხელის არეში ჰქონდა მიყენებული. აღსანიშნავია, რომ როდესაც ადგილზე მედიკოსები მივიდნენ, ქალს ჯერ კიდევ ესინჯებოდა პულსი. რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოქმებში ასევე ფიგურირებს დაუზუსტებელი ინფორმაცია თავის არეში მიყენებული ჭრილობის შესახებ.
კიდევ უფრო მძიმე სურათს ხატავს გამოცემა The New Republic, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეომასალას აანალიზებს. კადრებში ჩანს, რომ ფედერალურმა აგენტებმა ადგილობრივ მედიკოსს საშუალება არ მისცეს, მიახლოებოდა მანქანაში მყოფ დასისხლიანებულ და უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალს.
ICE-ის (საემიგრაციო სამსახურის) თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ ისინი საკუთარ, უწყებრივ სამედიცინო სამსახურს ელოდებოდნენ. აგენტი ჯონათან როსი, რომელმაც საბედისწერო გასროლა განახორციელა, შემთხვევის ადგილზე მედიკოსების მოსვლამდე იმყოფებოდა. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ დაკარგულმა წუთებმა გადაწყვიტა რენე გუდის ბედი.
16 იანვარს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ დაემუქრა შტატს მკაცრი ზომებით. მან გუბერნატორი და მინეაპოლისის მერი სიტუაციაზე კონტროლის სრულ დაკარგვაში დაადანაშაულა.
ტრამპმა მიანიშნა, რომ შესაძლოა გამოიყენოს 1807 წლის „აჯანყების შესახებ კანონი“ (Insurrection Act), რაც მას საშუალებას მისცემს, ქუჩებში მიმდინარე მასობრივი პროტესტის დასაშლელად რეგულარული ჯარი გამოიყვანოს.











