არანაირი შეთანხმება არაფერთან დაკავშირებით არ არსებობს, – ასე ეხმაურება „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრის, თენგო თევზაძის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, რვა ოპოზიციურ პარტიას ერთობა აქვს და მნიშვნელოვან პირობებს ათანხმებს ერთმანეთთან.
როგორც გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, საუბრის დეტალები არსებითი არ არის და საზოგადოებას არც აინტერესებს, ვინ რაზე ილაპარაკა.
„არანაირი შეთანხმება არაფერთან დაკავშირებით არ არსებობს. არის გარკვეული საუბრის პროცესი, ეს არის და ეს. თუ რაიმე შეთანხმება იქნება, რა თქმა უნდა, ამას გაიგებთ. საუბრის დეტალები არსებითი არ არის. საზოგადოებას არ აინტერესებს, ვინ რაზე ილაპარაკა, რაზე შეთანხმდა, ეს რაღაცა მუხლები. საზოგადოებას აინტერესებს ხედვა, როგორ დავძლევთ ამ რეჟიმს მშვიდობიანი გზით და როგორ შევქმნით უკეთეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პირობებს ყველა მოქალაქისთვის ამ ქვეყანაში. დეტალებში არ შევალ“, – განაცხადა გეგელიამ.
კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, თენგო თევზაძემ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში განაცხადა, რომ რვა ოპოზიციურ პარტიას აქვს ერთობა. მისივე თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთობაში არ განიხილება, „ლელოსთან“ კი ვერ იქნება თანხმობა, თუ მათ ერთობაში მყოფი პარტიებისგან განსხვავებული სტრატეგია ექნებათ.











