ლონდონის სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დაზარალებულმა ახალგაზრდა ქალმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის უმცროსმა ვაჟმა, 19 წლის ბერონ ტრამპმა, მისი სიცოცხლე გადაარჩინა.
როგორც გამოცემა The Guardian-ი წერს, ბერონმა ვიდეოზარის დროს შენიშნა, რომ მის ნაცნობს ყოფილი შეყვარებული ფიზიკურად უსწორდებოდა, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდა პოლიციას.
„ეს ზარი ღვთისგან გამოგზავნილი ნიშანი იყო“, — ციტირებს გაზეთი გოგონას ჩვენებას.
ბერონის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ბრალდება 22 წლის მათე რუმიანცევს წარედგინა. მას ბრალად ედება გაგუდვის მცდელობა, თავდასხმა, სხეულის დაზიანება, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა და გაუპატიურების ორი ეპიზოდი. თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს, მისი ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ მთელი ეს ისტორია სრულად შეთხზულია.
The Guardian-ის ინფორმაციით, პოლიციაში დარეკვისას პრეზიდენტის ვაჟმა საკუთარი ვინაობის გამხელაზე უარი თქვა. მან სამართალდამცავებს განუმარტა, რომ ლონდონში მცხოვრები გოგონა სოციალური ქსელების მეშვეობით გაიცნო.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევა 2025 წლის 18 იანვარს მოხდა — ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, რომელსაც ბერონიც ესწრებოდა.











