მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, გვქონდეს კომუნიკაცია პარტნიორებთან და შესაძლებლობის ფარგლებში ვისაუბროთ ჩვენს პრიორიტეტებზე, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, კონფერენციაზე ისაუბრებს, როგორ ხედავს საქართველო საკუთარ თავს ევროპის უსაფრთხოების ნაწილად და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ევროპაში არის ღონისძიება, სადაც იკრიბებიან საინტერესო მონაწილეები და მსჯელობენ ევროპის უსაფრთხოებაზე. საქართველოსთვის ეს არის შესაძლებლობა, გვქონდეს კომუნიკაცია პარტნიორებთან, საინტერესო სტუმრებთან, კონფერენციის მონაწილეებთან და შესაძლებლობის ფარგლებში ვისაუბროთ ჩვენს პრიორიტეტებზე. ვისაუბროთ, რა სურს საქართველოს, როგორ ხედავს ევროპის უსაფრთხოებას, როგორ განვიხილავთ საკუთარ თავს ევროპის უსაფრთხოების ნაწილად და რა წვლილი შეგვაქვს იმაში, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს დღეს ევროპაში, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შეხედონ სერიოზულად, იყოს დამოკიდებულება სერიოზული პარტნიორობის, რაც მიმართული იქნება, როგორც ევროპის, ისე საქართველოს უსაფრთხოებისკენ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაზე შუა დერეფნის კონტექსტში საქართველოს მნიშვნელობა იყოს წარმოჩენილი.
„კონფერენციის ფარგლებში ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი მიეძღვნება დაკავშირებადობას, შუა დერეფნის როლს ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ამ თვალსაზრისით იყოს საქართველო წარმოჩენილი, ამ მნიშვნელოვან კონტექსტში ვისაუბროთ საქართველოს მნიშვნელობაზე შუა კორიდორში, ზოგადად, შუა კორიდორის როლზე ევროპა-აზიის დაკავშირებადობაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.











