შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
პრემიერის განმარტებით, პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდება.
„პირველ რიგში, ვაძლიერებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რომელმაც გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად გასული ათი წლის განმავლობაში. დეპარტამენტის გაძლიერება საშუალებას მოგვცემს, ქვეყანა რამდენიმე წელიწადში სრულად გავათავისუფლოთ არალეგალი მიგრანტებისგან, რომელთა რაოდენობა დღეს 20 ათასზე მეტს შეადგენს. ამასთან, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა პირველი მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ისე ჩვენი მოქალაქეების ინტერესები სათანადოდ დავიცვათ. მთავრობა ამ კანონის ეფექტიან აღსრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. 2017 წელს, სწორედ, ჩვენმა ხელისუფლებამ შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში შესწორება, რომლითაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება აკრძალა. საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.











