„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პატივსაცემი სენატორი ოკლაჰომას დიდებული შტატიდან, მარკუეინ მალინი, 2026 წლის 31 მარტიდან აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრი გახდება. მოქმედი მინისტრი კრისტი ნოემი, რომელიც კარგად გვემსახურა და მრავალ შთამბეჭდავ შედეგს მიაღწია (განსაკუთრებით საზღვარზე!), გადავა სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე პროგრამაში „ამერიკის ფარი“ (Shield of the Americas)“, — დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ში.
პრეზიდენტი დასავლეთ ნახევარსფეროს უსაფრთხოების ახალი ინიციატივის, „ამერიკის ფარის“ შესახებ 7 მარტს, დორალში (ფლორიდა), გამოაცხადებს.
მალინი წარმოშობით ამერიკელი ინდიელია და ყოფილი პროფესიონალი MMA მებრძოლი. ის 10 წლის განმავლობაში იყო წარმომადგენელთა პალატის წევრი ოკლაჰომადან, ხოლო სენატში ადგილს 2023 წლის იანვრიდან იკავებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნოემის გადაყენების ძირითადი მიზეზებია:
მინეაპოლისის ინციდენტი: იანვარში მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა ორი ამერიკელი მოქალაქე მოკლეს. ნოემმა მათ მაშინვე „შიდა ტერორისტები“ უწოდა, რაც მოგვიანებით ვიდეოკადრებმა არ დაადასტურა. სენატში მან ამ სიტყვების უკან წაღებაზე უარი თქვა, რამაც რესპუბლიკელების ნაწილის გაღიზიანებაც კი გამოიწვია.
ფინანსური სკანდალი: ნოემმა 220 მილიონი დოლარი დახარჯა სარეკლამო კამპანიაში, სადაც თავად ფიგურირებდა, რაც გადასახადების გადამხდელების ფულის ფლანგვად შეფასდა.











