ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს გიორგი კანდელაკისა და თინათინ ხიდაშელის მიმართ გამოძიების დაწყების გამო. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს გამოხატვის თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება და დამოუკიდებელი კვლევის უფლება.
„ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების მზარდი გავლენების გამო, რაც დიდი რაოდენობით კვლევებში დასტურდება. ასევე, შეშფოთებას გამოხატავს მსგავსი კვლევების ავტორების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების გამო, კერძოდ, „ჰადსონის ინსტიტუტის“ კვლევის ავტორის, გიორგი კანდელაკის და თინათინ ხიდაშელის მიმართ. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს გამოხატვის თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება და დამოუკიდებელი კვლევის უფლება“, – ნათქვამია რეზოლუციაში.











