ადამიანი იმყოფება რეანიმაციაში. ეს ნიშნავს, რომ დღეს არავინ არ შეიძლება იყოს კმაყოფილი მისი მდგომარეობით, – განაცხადა მედიასთან საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.
მინისტრის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად, სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები და ცნობილი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები.
„საზოგადოებას მინდა ვუთხრა, ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტის საუკეთესო მკურნალობისთვის, უკლებლივ ყველაფერი უზრუნველყოფილია. ვმსჯელობთ, რით შეიძლება იყოს ჩართული უფრო მეტი რესურსი, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, – აღნიშნა მინისტრმა.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამჟამად კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა.










