სამხრეთ აფრიკაში ნიანგის მიერ შეჭმული სასტუმროს მფლობელის ვინაობა დადგინდა. შემთხვევა მას შემდეგ გახმაურდა, რაც პოლიციის მყვინთავთა ჯგუფმა მდინარის კუნძულიდან ვერტმფრენით გადაიყვანა ნიანგი, რომლის მუცელშიც მამაკაცის ნეშტი აღმოჩნდა.
59 წლის მამაკაცის, გაბრიელ ბატისტას, ნეშტი ნახევარტონიანი მტაცებლის სხეულში მას შემდეგ იპოვეს, რაც კრიუგერის ეროვნულ პარკში ნიანგს მუცელი გაუჭრეს.
მპუმალანგას პროვინციაში, ქალაქ კომატიპორტში მომხდარ ფაქტზე მომუშავე პოლიციამ ნიანგის კუჭში ასევე ექვსი წყვილი ფეხსაცმელი აღმოაჩინა.
სამხრეთ აფრიკის პოლიციის კაპიტნის, ჯოი პოტგიტერის მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ შემზარავი სურათი აჩვენა: ნაპოვნი იქნა ორი მოკვეთილი მკლავი მტევნებითურთ, ნეკნების ნახევარი და მკერდის ნაწილი. სხეულიდან აღებულმა დნმ-ის ანალიზმა დაადასტურა, რომ ნეშტი ნამდვილად ბატისტას ეკუთვნოდა, რომელიც მანამდე მძვინვარე წყალდიდობამ გაიტაცა.
ველური ბუნების ექსპერტების განმარტებით, ნიანგებს პლასტმასის მონელება არ შეუძლიათ, რის გამოც მის სხეულში შენახული იყო ფეხსაცმელები, მათ შორის ჩუსტები, სანდლები, Nike-ის ბოტასები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც კი.











