დღეს უკვე ფორმალურადაც ვტოვებ პარტია „ახალს” და მის პოლიტსაბჭოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მირდატ ქამადაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, „გირაოს არ გადავიხდით” კამპანიის გარშემო მომხდარი არასამართლიანია, ვინაიდან, საბოლოოდ გამოვიდა, რომ კამპანიის თითქმის ყველა მონაწილე გარეთ აღმოჩნდა, ბევრმა გირაოც გადაიხადა, ნაწილი კი ბევრად მძიმე ფასს იხდის.
როგორც ქამადაძე აღნიშნავს, „ნაცმოძრაობიდან” წამოსვლის მიზეზი ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა იყო, თუმცა, მისივე თქმით, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა.
“ეს გადაწყვეტილება არ არის სპონტანური. დიდი ხანია ფაქტობრივად სრულიად გავუუცხოვდი პარტიულ პროცესებს. აღარ ვესწრებოდი არც შეხვედრებს, არც პოლიტსაბჭოს, არც სხვა აქტივობებს. ამის მიზეზი არ ყოფილა არც პირადი კონფლიქტი და არც ემოციური ფონი. უბრალოდ, დროთა განმავლობაში სულ უფრო მკაფიო გახდა, რომ ჩემსა და პარტიის ხედვებს შორის ფუნდამენტური განსხვავებაა. ბათუმის 2021 წლის არჩევნებიდან დაწყებული, „ნაცმოძრაობაში” რთული შიდა პროცესებით გაგრძელებული და საბოლოოდ პარტია „ახალის” შექმნით დასრულებული, ერთი მთავარი აზრი მამოძრავებდა — პოლიტიკა არის საუბარი. საუბარი პირველ რიგში იმ ხალხთან, ვინც არ გეთანხმება. თუ მხოლოდ საკუთარ ბაბლში ტრიალებ, რეალურ ცვლილებას ვერ მიაღწევ. მაგრამ ამისთვის ჯერ იდეაა საჭირო — ნათელი, გასაგები და გულწრფელი იდეა იმაზე, როგორი ქვეყანა გინდა.
სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში სულ უფრო მკაფიო გახდა, რომ ვერც ამ იდეის ფორმირება მოხდა და ვერც რეალური სურვილი დავინახე განსხვავებული აზრის მქონე ამომრჩეველთან საუბრის. ამის გარეშე პოლიტიკა ნელ-ნელა უბრალოდ ხმაურს ემსგავსება, სადაც ფორმა შინაარსზე მნიშვნელოვანი ხდება. ამას ეს ორი მაგალითი კარგად ასახავს (სხვა მაგალითებიც შეიძლება). „გირაოს არ გადავიხდით” კამპანიის გარშემო რაც მოხდა, არც თუ ისე სამართლიანი მგონია. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ კამპანიის თითქმის ყველა მონაწილე გარეთ აღმოჩნდა, ბევრმა გირაოც გადაიხადა, ნაწილი კი ბევრად მძიმე ფასს იხდის. ეს ერთი ადამიანის შეცდომა არ იყო — ეს მთლიანად ჩვენი პოლიტიკური კულტურის პრობლემაა, სადაც ემოცია ხშირად საღ აზრზე წინ გარბის და მერე ამ შეცდომების აღიარებაც აღარავის უნდა. მეორე პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა — და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. სამართლიანი წესების გარეშე არ არსებობს არც თავისუფალი პოლიტიკა, არც დაცული მოქალაქე, არც სანდო სახელმწიფო. ეს არ არის ერთ-ერთი პრობლემა — ეს არის ის საფუძველი, რომელზეც დანარჩენი ყველაფერი დგას. და სწორედ ამიტომ არის განსაცვიფრებელი, რომ დღეს ყველა საუბრობს მართლმსაჯულების სისტემის უსამართლობაზე — მათ შორის ისინი, ვინც ამ სისტემის შექმნაში პირდაპირ მონაწილეობდნენ და დღეს თავადვე გახდნენ მისი მსხვერპლი.
მაგრამ თითქმის არავინ საუბრობს იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია — როგორ უზრუნველყოფს მომავალი ხელისუფლება, რომ ძალაუფლება კვლავ ერთ ხელში არ მოხვდეს და შურისძიებამ და დესტაბილიზაციამ არ დაისადგუროს ქვეყანაში. ბუნდოვანება შობს შიშს. თუ ხალხს არ დაანახებ, როგორ გრძელდება ცხოვრება „ქოცების” შემდეგ და არ შესთავაზებ სტაბილურობის განცდას, ისინი ყოველთვის აირჩევენ ნაცნობ აწმყოს — რაც არ უნდა არ მოსწონდეთ ის. ბუნდოვან მომავალს ადამიანები ყოველთვის ნაცნობ რეალობას ამჯობინებენ. ჩვენ „ნაცმოძრაობიდან” იმიტომ წამოვედით, რომ გვეგონა შესაძლებელი იყო მართლა ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა. სამწუხაროდ, რაც ახალი უნდა ყოფილიყო, არც თუ ისე კარგად დავიწყებული ძველი აღმოჩნდა. შეცდომები მქონია — ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ შეცდომის აღიარება სისუსტე არ არის. პირიქით — ეს ერთადერთი გზაა წინ. პარტიიდან მივდივარ, მაგრამ იმ იდეიდან არა, რის გამოც საერთოდ მოვედი ამ საქმეში. ჯერ არ ვიცი მომავალში რა ფორმით გავაგრძელებ ამ საქმეს, მაგრამ ზუსტად ვიცი ერთი რამ — ვერ ვიქნები იქ, სადაც მიზანი ბუნდოვანია და მხოლოდ ხმაური ხდება „პოლიტიკა”. ამიერიდან ჩემი გზა უფრო დამოუკიდებელი იქნება — ყოველგვარი პარტიული კორექტულობისგან თავისუფალი. მე მგონია, რომ პოლიტიკაში ცარიელი ხმაური ქრება. სიმართლე კი — შეიძლება ნელა, მაგრამ ბევრად შორს მიდის. P.S. მადლობა მეგობრებს, განსაკუთრებით აჭარის ოფისს, ვისთან ერთადაც ეს გზა გავიარე,” – წერს მირდატ ქამადაძე.











