პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული გახარიას თანამშრომლებს, რომ ბინძური შეურაცხყოფებით უნდა წარმართულიყო მთლიანად პროცესი, რაღაცას ვერ მოითმენს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას აღნიშნა.
მაჭავარიანის შეფასებით, ეს ძალიან სამწუხაროა.
„აბსოლუტურად ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და ადამიანის მოთმინებასაც, მით უმეტეს, ქართველი კაცის მოთმინებას. პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული გახარიას თანამშრომლებს, თანაპარტიელებს გახარიასგან, რომ ბინძური შეურაცხყოფებით უნდა წარმართულიყო მთლიანად ეს პროცესი. მოხდა ძალიან ბევრი პირადი შეურაცხყოფის მოთმენა, უბრალოდ, არის რაღაც ზღვარი, რის მერეც, მით უმეტეს ქართველი კაცი, რაღაცას ვერ მოითმენს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გადაიზარდა მათ მიერ დაგეგმილ სწორედ ამ ინციდენტში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
საქართველოს პარლამენტში დღეს ფიზიკური დაპირისპირება იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სიტყვით გამოდიოდა. შარაშიძემ პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“. შარაშიძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიგა ფარულავას შორის, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.











