“ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ბუდაპეშტში გამართულ პრაიდის მარშს და უნგრეთის LGBTIQ+ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა.
მეგრელიშვილის თქმით, ლგბტ პროპაგანდა არის იარაღი, რათა გარყვნილი ცხოვრების წესი ცხოვრებისეულ მორალად იქცეს.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ პირობებში სწორი და დროული აქცენტი გაკეთდა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიებზე და დამატებითი სამართლებრივი დაცულობის მექანიზმი შეიქმნა.
“ლგბტ პროპაგანდა არის იარაღი, რათა გარყვნილი ცხოვრების წესი ცხოვრებისეულ მორალად იქცეს. ზნეობასა და უზნეობას შორის ზღვარის წაშლა ის ომია, რომელშიც ყველა ქვეყანა სხვადასხვა ხარისხითაა ჩართული. ლიბერალიზმის შინაარსის ქვეშ ერთიანდებიან სახელმწიფოები და ცდილობენ ამ ტერმინით გადათარგმნონ თავისუფლება, რომელსაც თითქოს ყველას აძლევენ, სინამდვილეში კი მომავალ თაობებს და საზოგადოებას ახალ წესებს კარნახობენ და უზნეობის თავისუფლებას და მიმღებლობას აიძულებენ. ზნეობასა და უზნეობას შორის ომში გადარჩება მხოლოდ ის, ვინც მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, დაიცავს უფლებებს, გამოკვეთავს ისტორიულ, კულტურულ თუ რელიგიურ ღირებულებებს, რაზედაც დგას სახელმწიფო.
უზნეობის პროპაგანდაში ჩართულნი არიან სხავადასხვა სახელმწიფოს დაბალი და მაღალი რანგის მეთაურები და ისინი ერთი ხელწერითა და გეგმით მოქმედებენ. ახლახან ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ ბუდაპეშტში გამართული პრაიდით ამაყობს. მისი თქმით, მას უხარია, რომ უნგრეთში ლგბტქ+ (LGBTIQ+) თემმა შეძლო შიშის გარეშე გამოეხატა თავისუფლება და დღეს მთელი ევროპა ამით ამაყობს. მისი ეს პოზიცია არის ერთგვარი დირექტივა, რომელსაც ყველა სხვა ქვეყნებს ავალებენ. ქართული სახელმწიფო ამ დირექტივის მიმართ გამონაკლისი არ არის, მაგრამ ის ლავირებას ახერხებს. ქართული კანონმდებლობით დაცულია ყველას უფლება. ,,ქართული ოცნების“ პირობებში კი სწორი და დროული აქცენტი გაკეთდა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიებზე და დამატებითი სამართლებრივი დაცულობის მექანიზმი შეიქმნა. ქართული სახელმწიფო უფლებებს იცავს უფლებების დარღვევის გარეშე. ალბათ ვთანხმდებით იმაზე, რომ ლიბერალების თავდასხმითი “თავდაცვა” გაუმართლებელია და უზნეობისა და ზნეობის გასაყარზე ყველა ჩვენ წილს გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ.”- წერს მეგრელიშვილი.











