დასავლეთი დღეს საქართველოს იმიტომ სჯის, რომ ჩვენ არ ჩავერიეთ “კაი ბიჭების” ინტერესების დასაკმაყოფილებელ ომში, ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე. აი ეს არის რეალური მიზეზი იმ უსამართლო სანქციებისა, ჩვენი ქვეყნის ლანძღვისა და მუქარებისა, რომელიც დასავლეთიდან ასე უხვად და უწყვეტად მოედინება.- წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
კაკაბაძე მიმოხილვას გასული საუკუნის 70-80-იანი წლებს და აღნიშნავს, რომ იმ პერიოდში ბრძოლა მიმართული იყო საბჭოთა ტოტალიტარული სისტემისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ და არა უშუალოდ რუსი ერის მიმართ. მისივე თქმით, ანალოგიური დამოკიდებულება ნარჩუნდებოდა 90-იან წლებსა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდშიც, როდესაც წინა ხელისუფლების დროს რუსეთთან ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული ურთიერთობები ჩვეულებრივად გრძელდებოდა. ნანა კაკაბაძე სვამს კითხვას, თუ რატომ გამწვავდა ანტირუსული რიტორიკა და „რუსოფობია“ განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
მისი შეფასებით, ამ განწყობების მკვეთრი ცვლილება უკავშირდება არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ დასავლეთის დაკვეთასა და ფინანსურ ინტერესებს.
“ანტირუსული ისტერიის ანატომია დაახლოებით ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე ვინც აკვირდება ქართული საზოგადოების რუსეთისადმი და ზოგადად, რუსულისადმი განწყობებს, აშკარად შეამჩნევდა ამ საკითხისადმი მნიშვნელოვან განსხვავებებს დღევანდელობასა და 30-40, ან თუნდაც 10-15 წლის წინანდელ დამოკიდებულებას შორის. თუ მხოლოდ გარედან დამკვირვებელი არა ხარ და აქტიურად მონაწილეობ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, იმ ცვლილებების მიზეზების გარკვევასაც შეეცდები, რამ მიიყვანა ჩვენი დღევანდელი საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი აშკარად გამოვლენილ, თავის მოწონებად ქცეულ ნაცისტური იდეოლოგიით ნასაზრდოებ რუსოფობიამდე. მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლების ქართული დისიდენტური მოძრაობის მკვებავი იყო დემოკრატიული იდეალები. მართალია, იმ პერიოდის დისიდენტები ვებრძოდით საბჭოთა სისტემას, რუსეთს იმპერიად, ხოლო არსებული პოლიტიკის გამტარებელ რუსებს იმპერიალისტებად მოვიხსენიებდით, მაგრამ მაშინ ვერავის მხრიდან ვერ ნახავდით რუსი ერის წინააღმდეგ იმის მსგავს მოწოდებებს, რასაც დღეს ვისმენთ იმ ადამიანებსგან, ვისაც პატრიოტობა შემოსავლის წყაროდ და პროფესიად, ხოლო რუსოფობია ამ პროფესიის სამარკო ნიშნად უქცევიათ. პირიქით, რუსი, უკრაინელი და სხვა დისიდენტები მუდამ ერთმანეთის სოლიდარულები იყვნენ ტოტალიტალური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს იყო ის ცივილიზებული დამოკიდებულება, რომელიც მიიჩნეოდა ნორმად.
როდესაც 80-იან წლებში ეროვნული მოძრაობა გახდა მასობრივი, მაშინაც ქართველთა ბრძოლა მიმართული იყო იმპერიიდან თავის დასახსნელად და არა რუსი ერის წინააღმდეგ. მხოლოდ 9 აპრილის შემდეგ, მცირე ხნით იფეთქა ანტირუსულმა ისტერიამ, მაგრამ ჯანსაღმა საზოგადოებრივმა პოზიციამ და ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა მალევე გადაიყვანეს სწორ კალაპოტში აზვირთებული ხალხის განწყობები. 90-იან წლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში, წინა პლანზე გამოსულები იყვნენ სეპარატისტი აფხაზები, ოსები და ჩრდილო კავკასიელი ბოევიკები, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მათ უკან სწორედ იმპერიული რუსეთი იდგა, მაშინაც კი არ ყოფილა ისეთი ანტირუსული ისტერია, როგორსაც დღეს ვხედავთ. უფრო მეტიც, 2008 წელს როდესაც პირდაპირ რუსული შეიარაღებული ძალების მიერ მოხდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპირება, რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა. ამის შემდეგაც კი ყოველგვარი ანტი-რუსული ისტერიის გარეშე, ვხედავდით საპირისპიროს, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ რუსების მოპატიჟებას საქართველოში ტურისტებად თუ ბიზნესის საკეთებლად. მათ ჩვენი ქვეყნის პირველი პირები საზღვარზევე ხვდებოდნენ დიდი პატივისცემით, რათა ეჩვენებინათ, რომ პოლიტიკური დაპირისპირება ჩვენს ერებს შორის, ეროვნულ დაპირისპირებას არ იწვევდა და რუს ერს ქართველები მტრად არ მიიჩნევდნენ. ბევრს დღესაც გვახსოვს, საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის წერილების პათოსი რუსეთში, სადაც ის ოკუპანტი ქვეყნის ხელძღვანელობას თითქმის ეხვეწებოდა, მოგვეცით კულტურული ღონისძიებების (სიმღერის და ცეკვის) თქვენთან ჩატარების საშუალებაო. მანამდე ხომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ რუსებისთვის მიყიდული სტრატეგიული ობიექტებიც გვახსოვს, რუსებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება და იმის მტკიცება, რომ რუსეთიდან ინვესტიციების შემოდინება დიდად სასურველია, რადგან “ფულს სუნი არა აქვს”. ამ ჩვენი პროფესიით “პატრიოტებისთვის” მაშინ ეს ყველაფერი მისაღები იყო, არც რუსულ ენაზე საუბრები აღიზიანებდათ, არც თვითონ “ღრუსები”. ზოგ შემთხვევებში ეხლაც ასეა, მაგ: მათთვის ლიაკა ხოშტარიას “ღრუსულ” რუბლებს დღესაც ვარდის სურნელი ასდის. პასუხ გაუცემელია კითხვა, ჩვენს “პატრიოტ აკაცუკებს” ანტირუსული ისტერიისა და რუსოფობიის ბაცილა მხოლოდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რატომ შეეყარათ. არანორმალური და არაადრქვატურია ისიც, რომ რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ისე არ აღუშფოთებიათ და გაუმწარებიათ ქართველი პროფესიით “პატრიოტები”, როგორც ეს მოხდა უკრაინა-რუსეთის ომის დროს. მათ სწორედ ეს ომი (და არა წლობით გაგრძელებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია) წარმოაჩინეს რუსეთ-საქართველოს ომად და გვიმტკიცებენ, იმიტომ უნდა ვმონაწილეობდეთ ამ ომში, რომ რუსეთის დამარცხების შემდეგ აღვადგენთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასო. პროვინციალიზმი იდიოტობა და სამშობლოს უპატივცემულობა გვგონია ქართულზე მეტად უკრაინული დროშების ფრიალი საქართველოში, სოციალურ ქსელებში ამ დროშებით “მარიაჟობა”, თუმცა, ვერც პროვინციალიზმს და ვერც იდიოტობას აუკრძალავ ვერავის, ისევე როგორც ვერავის აიძულებ უყვარდეს და პატივს სცემდეს უპირველესად სამშობლოს, მაგრამ ჭკვიანი ადამიანი საკუთარ გამოცდილებაზე მაინც ისწავლიდა, რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას გულის ფხანად ქცეულმა რუსეთის გაღიზიანებამ და იმ საფრთხეებზეც ჩააფიქრებდა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ჩვენი ქვეყნის საზღვრებისთვის რუსეთის დანგრევამ. ერთი შეხედვით უცნაურ მოვლენას, თუ რატომ გახდა სწორედ ახლა ჩვენი საზოგადოების საკმაო ნაწილი ისტერიული რუსოფობი, ერთი პასუხი აქვს: არც 90-იანებში და არც სააკაშვილის მმართველობის დროს დასავლეთის დაკვეთა არ იყო რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის გახსნა, ამისათვის მსოფლიო საზოგადოებისთვის პიარ-ტექნოლოგიებით ტვინების გამორეცხვა და საომარი (ომის მომხრეობის) განწყობის შექმნა.
დღეს დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, რადგან მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლის-დასუსტების და მისი წიაღისეულის და ნავთობის დაპატრონების დრო. ომის შედეგად უკრაინელთა გენო ფონდის განადგურება, მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილის ლტოლვილებად ქცევა, ქვეყნის ნგრევა თავისი საბოლოო მძიმე შედეგებით, დემოკრატიის სახელით კეთდება და არა იმ რეალური მოტივით რაც უდევს საფუძვლად ამ ომის დაფინანსებას დასავლეთის მიერ. ამ პიარისა და დაფინანსების ტალღას მოერგნენ თუ მოარგეს საკუთარი ინტერესები ჩვენმა ე. წ. ოპოზიციამ, NGO-ებმა და აკაცუკებმა. აქ იშოვება დღეს ფული და ესენიც მიმჯდრები არიან როგორც ძუძუს გოჭები დედა ღორის ძუძუებს. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, დასავლეთი დღეს საქართველოს იმიტომ სჯის, რომ ჩვენ არ ჩავერიეთ “კაი ბიჭების” ინტერესების დასაკმაყოფილებელ ომში, ჩვენი ქვეყნის განადგურების ხარჯზე. აი ეს არის რეალური მიზეზი იმ უსამართლო სანქციებისა, ჩვენი ქვეყნის ლანძღვისა და მუქარებისა, რომელიც დასავლეთიდან ასე უხვად და უწყვეტად მოედინება. უცხოური ვალუტით გამაძღარების და მათი “თავდადების” პათოსი ამოხსნილია, მაგრამ გაბრიყვებულთა რაოდენობაა სამწუხარო, რომლებიც ზედაპირზე მოტივტივე რეალობას ვერ ხედავენ და პიარით შექმნილ არარეალობას უჭერენ მხარს, საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვისა და ღირსების შებღალვის ხარჯზე. ფაქტია, რომ ასეთებისთვის საქართველო და მისი ტერიტორიული მთლიანობა გაცილებით უფრო უმნიშვნელო აღმოჩნდა, ვიდრე უკრაინის ომი და უცხო ტერიტორიები. ის, რომ დასავლეთი გაურიგდა (ან შეეგუა) რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საკითხში და მასთან მშვიდობიანი თანაარსებობა ურჩია, სულაც არ არის ჩვენი პროფესიით “პატრიოტების” სადარდებელი. ამიტომაც იყო, რომ ადრე მათ არც რუსული ენა აწუხებდათ, არც “ღრუსი” ტურისტები და არც იქიდან შემოსული ფული. მაშინაც და ახლაც მათთვის ქცევის წესებს დასავლეთიდან მონავალი ფულის ნაკადი განაპირობებს, ეს არის მათი “თავდადებისა” და “პატრიოტიზმის” ქვაკუთხედი. “ფული ბაბაია ფული”, და ეს ფული დასავლეთიდან მიღებული ბრძანებების შესრულებას მოჰყვებოდა უკან მაშინაც და ახლაც. უბრალოდ, მაშინ “პატრიოტებისთვის” მიღებული დავალება იყო დღევანდელისგან განსხვავებული.”- წერს ნანა კაკაბაძე.











