აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახური (ICE) 10-დან 20 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს ელექტროშოკური ხელთათმანების (G.L.O.V.E.) შესასყიდად. CBS News-ის ცნობით, სპეციალურ პანელზე დაჭერისას მოწყობილობა კანთან პირდაპირი კონტაქტის დროს ადამიანს ელექტრულ მუხტს აწვდის.
კონტრაქტის გაფორმება წლის ბოლომდე იგეგმება, 2027 წლის მარტისთვის კი აღნიშნულ მოწყობილობებს შიდა უსაფრთხოებისა და დეპორტაციის ქვედანაყოფების თანამშრომლები მიიღებენ. სპეციალურ საშუალებებს იმ პირების წინააღმდეგ გამოიყენებენ, რომლებიც წინააღმდეგობას წევენ — მაგალითად, დაკავებულების ავტომობილებიდან თუ სახლებიდან გამოყვანის ან სადეპორტო ცენტრებში გადაყვანის დროს.
მსგავსი ხელთათმანები უკვე გამოცდილია ამერიკულ ციხეებსა და პოლიციაში. ექსპერტები ელექტრულ განმუხტვას ფუტკრის ნაკბენს ადარებენ და მიიჩნევენ, რომ სერიოზული დაზიანებების მიღების რისკი დაბალია.
მწარმოებელი მკაცრად კრძალავს მოწყობილობის გამოყენებას ბავშვების, ორსულების, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების წინააღმდეგ, ასევე უბრალო სიტყვიერი ურჩობის საპასუხოდ. ICE-ის თანამშრომლებს „ველზე“ გასვლამდე სპეციალური წვრთნის კურსის გავლითა და კვალიფიკაციის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ დადასტურება მოუწევთ.











