აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია წერს. მისივე თქმით, არც ერთი პოლიტიკური მიზანი არ უნდა გახდეს ოკუპაციის შედეგებთან შეგუების, საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების გადახედვის ან აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ურთიერთობის პერსპექტივის უარყოფის საფუძველი.
ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ არის პოლიტიკური კომპრომისის საგანი.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის პარალელურად, როდესაც გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები უნდა გაჟღერდეს, ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ გაკეთებული განცხადებები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ბარამიძის მავნებლური განცხადებების შემდეგ, ნიკა გვარამიას პოზიცია კიდევ ერთხელ აყენებს საკითხს, თუ რა ადგილი უკავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ოპოზიციის ევროპული ინტეგრაციის ხედვაში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხის ევროპული ინტეგრაციის შემაფერხებელ გარემოებად წარმოჩენას შესაძლოა, მძიმე პოლიტიკური შედეგები მოჰყვეს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, რომლებთანაც ნდობის აღდგენა და მშვიდობიანი თანაცხოვრება საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ამოცანაა. არც ერთი პოლიტიკური მიზანი არ უნდა გახდეს ოკუპაციის შედეგებთან შეგუების, საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების გადახედვის ან აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ურთიერთობის პერსპექტივის უარყოფის საფუძველი. საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე პოლიტიკური პოზიციები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, კონკრეტულად რას გულისხმობს თითოეული ე.წ. პოლიტიკური ძალა და რისთვის ირჩევენ ამ მოღალატეობრივ გზას.
ფაქტია, რომ როგორც სხვა ყველა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში აგენტურას მხარდაჭერა გარე ძალებისგან აქვს, უფრო მეტიც, ზედმიწევნით მიჰყვებიან უცხოეთიდან მიღებულ დავალებებს, თუმცა ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება მათ პროპაგანდისტულ გზავნილებს. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ არის პოლიტიკური კომპრომისის საგანი. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას. საქართველოს ხელისუფლების და ქართული სახელმწიფოს ყველა ნაბიჯი ამ მიზანს ემსახურება და ე.წ. პოლიტიკოსების მცდელობებს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია”, – წერს ირაკლი კირცხალია.











