პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი „ჩორჩანას საქმეზე“ გიორგი ხოჯევანიშვილის დაკითხვის შესახებ: ამ ისტორიაში ყველაზე „ბინძური“ დეტალი არა გიორგი ხოჯევანიშვილის ჩვენება, არამედ სასამართლოში ჩვენების მიცემის გამო ადამიანის მორალურად სამარცხვინო ბოძზე გაკვრაა

„რადიკალებს გიორგი ხოჯევანიშვილის მისამართით, მას შემდეგ, რაც მან „ჩორჩანას საქმეზე“ გუშინ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში უბრალოდ სიმართლე ილაპარაკა, მისი მისამართით უკვე მიეცა „заказ“-ი, უკვე გაისმის „фас!“, „ату его!“ – და ისევ ჩვენი დასაცავი ხდება ლიბერალური ფაშიზმის საწინააღმდეგოდ წასული მათი მომდევნო „ურჩი“ ადეპტი“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგვა პოლიტიკური კამათის საგნად იქცა, მოწმე კი, რომელიც უბრალოდ სიმართლეს ამბობს, რადიკალებმა მტრად შერაცხეს.

„მე ვერანაირად ვერ გამოვალ გიორგი ხოჯევანიშვილის უფლებადამცველი, მაგრამ მისი ყოფილი მადიდებელი რადიკალების მოლაპარაკე ტუჩების მხრიდან მისი ბულინგი, მას შემდეგ, რაც „ჩორჩანას საქმეზე“ მან გუშინ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში უბრალოდ სიმართლე ილაპარაკა – ამაზრზენია. რადიკალებს მისი მისამართით უკვე მიეცა „заказ“-ი, უკვე გაისმის „фас!“, „ату его!“ – და ისევ ჩვენი დასაცავი ხდება ლიბერალური ფაშიზმის საწინააღმდეგოდ წასული მათი მომდევნო „ურჩი“ ადეპტი. ამ ისტორიაში ყველაზე „ბინძური“ დეტალი არა გიორგი ხოჯევანიშვილის ჩვენებაა გიორგი გახარიას საქმეზე, არამედ: ადამიანს მორალურად სამარცხვინო ბოძზე აკრავენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის სასამართლოში მივიდა და ჩვენება მისცა. მის მიმართ ბრალდებებს კი იწყებენ იაფფასიანი მანიპულაციით: ხოჯევანიშვილს – გახარიას „მეგობარს“ უწოდებენ. პოლიტიკაში მეგობარი არ არსებობს, განსაკუთრებით – ქართულ პოლიტიკაში. ყოფილი თანამებრძოლი, ერთი პოლიტიკური გუნდის წევრი – კი ბატონო. სიტყვა „მეგობარი“ აქ იმისთვის გამოიყენეს, რომ შემდეგ ადამიანი მოღალატედ გამოაცხადონ.

თუ ყოფილი თანამებრძოლი სასამართლოში ამბობს იმას, რისი მოსმენაც მის ყოფილ პოლიტიკურ თანამოაზრეებს არ სურთ, ესე იგი, მისი საჯაროდ გაკიცხვა და „შეკვეთა“ უკვე შეიძლება? მაშინ ჩნდება მარტივი კითხვა: სინამდვილეში რა უნდა გაეკეთებინა ხოჯევანიშვილს სასამართლოში? ცრუ ჩვენება მიეცა? გაჩუმებულიყო? სასამართლო სწორედ იმისთვის არსებობს, რომ მოწმემ მისთვის ცნობილი გარემოებები აცნობოს მას, ხოლო სასამართლომ მათი სანდოობა და მნიშვნელობა შეაფასოს. თავად ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ „არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია“ და სასამართლოს მის კომპეტენციის ფარგლებში არსებული ინფორმაცია მიაწოდა.

გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, მან დაადასტურა, რომ ჩორჩანაში პოსტის მშენებლობის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ უნდა ჰქონოდა. ამის გადამოწმება, უარყოფა და სხვა ჩვენებებთან შედარება შესაძლებელია. მაგრამ თავად ჩვენების მორალურ დანაშაულად გამოცხადება უკვე გახარიას დაცვა აღარ არის – ეს არის თავად მოწმის ჩვენების პრინციპზე შეტევა. და სწორედ აქ ჩნდება კითხვა, რომელიც განსაკუთრებით უხერხულია რადიკალების რიტორიკისთვის: სად არის საერთოდ მათი აღშფოთება თვით საქმის არსის მიმართ? დღეს მაინც – კრწანისის ბრძოლის ხსენების დღეს. პროკურატურის ვერსიით, საუბარია მოვლენებზე, რომელთა შედეგად ოკუპირებული ძალების კონტროლქვეშ დაახლოებით 100 ჰექტარი – ანუ ერთი მილიონი კვადრატული მეტრი ქართული ტერიტორია აღმოჩნდა. სწორედ ეს უნდა იყოს მთავარი საკითხი: რატომ შეიქმნა ასეთი ვითარება, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს, ვინ იცოდა მომხდარის შესახებ, ვინ არ იცოდა და რატომ. მაგრამ რადიკალების რიგებში თანამედროვე „სამასი არაგველის“ ადგილი არაა და მათი ყურადღების ცენტრი სრულიად სხვა რამეა, სადაც: სამშობლო, ტერიტორია, უსაფრთხოება, პასუხისმგებლობა და მომხდარის გარემოებები სადღაც უკანა პლანზე გადადის. მთავარ „დანაშაულად“ კი ის იქცევა, რომ ყოფილმა თანამებრძოლმა სასამართლოში საუბარი გაბედა.

გამოდის ღირებულებათა სრულიად გაუკუღმართებული სისტემა: ტერიტორიაზე კონტროლის დაკარგვა პოლიტიკური კამათის საგანია, ხოლო მოწმე, რომელიც არასასურველ ფაქტებს ამბობს – ნამდვილი მტერია. და ეს უკვე მართლაც საშიში პოლიტიკური ტექნოლოგიაა. ყოფილ თანამებრძოლს ფაქტობრივად ეუბნებიან: თუ იცი ისეთი რამ, რასაც ჩვენი პოლიტიკური ვერსიისთვის ზიანის მიყენება შეუძლია, დაე, სამშობლო ცეცხლის ალში იყოს გახვეული – გაჩუმდი! თუ ილაპარაკებ – მოღალატედ გამოგაცხადებთ, ეჭვქვეშ დავაყენებთ შენს ღირსებას, საზოგადოებისა და საკუთარი ოჯახის წინაშე თავის მართლებას გაიძულებთ. ანუ, პრობლემა მაშინ კი არ ჩნდება, როდესაც სახელმწიფო ტერიტორიაზე კონტროლს კარგავს, და არც მაშინ, როდესაც სასამართლო ამ მოვლენის გარემოებებს იკვლევს; პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ვიღაც უარს ამბობს პოლიტიკური დუმილის კოდექსის შესრულებაზე. თუ ხოჯევანიშვილის ჩვენება ტყუილია – დაამტკიცეთ. თუ ცდება – მიუთითეთ, კონკრეტულად სად. თუ მისი სიტყვები არაფერს ამტკიცებს – ესეც სასამართლომ გადაწყვიტოს. მაგრამ მოწმისთვის თავად სიმართლის თქმის გამო მასთან ფაქტობრივად ფიზიკური თუ მორალური გასწორების მოთხოვნა ნიშნავს ერთი საშინელი რამის აღიარებას: რადიკალების ლიბერალური ფაშიზმის სისტემაში ტყუილი დასაშვებია, სანამ ის „თავისიანების“ ერთგულებას ინარჩუნებს, ხოლო სიმართლის თქმა ღალატად იქცევა, როგორც კი ის პოლიტიკურ ლეგენდას საფრთხეს უქმნის“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა