განცხადება · 137 ნახვა
„ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში“
„ევროპული უფლებადამცველი ორგანიზაციების დაფინანსების სისტემა სკანდალის ცენტრში მოექცა, რომელიც ბრიუსელის მორიგ ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით არასასიამოვნო კითხვებს აჩენს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ევროპული დაფინანსების მქონე ხუთი ფრანგული და იტალიური ორგანიზაციის საზოგადოებრივ მობილიზაციაში მონაწილეობას ეხმიანება.
მისი თქმით, არსებობს ერთი მთავარი კითხვა – რამდენად მკაცრად კონტროლდება ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფული და ეკისრებათ თუ არა მიმღებებს პასუხისმგებლობა საკუთარი საქმიანობის შედეგებზე.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„უფლებადამცველი ორგანიზაციების დაფინანსების სისტემა სკანდალის ცენტრში მოექცა, რომელიც ბრიუსელის მორიგ ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით არასასიამოვნო კითხვებს აჩენს. საქართველოს პირველი არხისა და ესპანური გამოცემა La Gaceta-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ხუთი ფრანგული და იტალიური ორგანიზაცია – ადამიანის უფლებათა ლიგა (LDH), ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH), წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაცია (OMCT), ARCI და პროფკავშირი CGIL – ევროპულ დაფინანსებას იღებდა და, ამავე დროს, საზოგადოებრივ მობილიზაციებში მონაწილეობდა, პოლიციის მოქმედებებს აკრიტიკებდა და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებდა.
გამოქვეყნებულ მონაცემებს შორისაა FIDH-ის პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 2023–2027 წლებისთვის 5,56 მილიონ ევროს შეადგენს, OMCT-ის მიერ 2024 წელს მიღებული, დაახლოებით 1,93 მილიონი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის ევროპული დაფინანსება, Net4Defenders-ის ერთობლივი პროექტისთვის გამოყოფილი 603 140 ევრო და CGIL-ის პროფკავშირული პროექტისთვის გამოყოფილი 270 520 ევრო. ეს ევროპელი გადასახადის გადამხდელების რეალური ფულია. თუმცა საკითხი მხოლოდ ის არ არის, ვის ურიცხავენ ამ თანხებს – მთავარი ისაა, რამდენად მკაცრად კონტროლდება მათი შემდგომი გამოყენება და ეკისრებათ თუ არა მიმღებებს პასუხისმგებლობა საკუთარი საქმიანობის შედეგებზე.
ქუჩის არეულობის შედეგების მასშტაბი კი განადგურებული ქონებით, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯებითა და ადამიანური მსხვერპლით იზომება. საფრანგეთში, La Gaceta-ს მიერ მოყვანილი მონაცემების თანახმად, სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეროვნული ქსელის ხელმძღვანელმა, ალენ დი კრეშენცომ, არეულობის შედეგად მიყენებული ზარალი ასობით მილიონ ევროდ შეაფასა, დაზიანებული კომერციული ობიექტების რაოდენობამ კი ორ ათასს გადააჭარბა. ამ ციფრების უკან დგანან მეწარმეები, რომლებმაც ქონება და შემოსავალი დაკარგეს, დასაქმებულები, რომლებიც სამუშაო ადგილის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდნენ და მოქალაქეები, რომლებიც გადასახადების მეშვეობით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას აფინანსებენ. ამას ემატება დაჭრილების მკურნალობის, გადაუდებელი სამსახურების, პოლიციის, გამოძიებისა და სასამართლოების ხარჯები. ათასობით დაკავება და ასობით დაპატიმრებაც სახელმწიფო რესურსებს მოითხოვს. ზარალის სრული ანგარიში უნდა მოიცავდეს დადასტურებულ მატერიალურ ზიანს, სამედიცინო ხარჯებს, დაკარგულ შემოსავლებსა და აღდგენითი სამუშაოების ღირებულებას. რატომ მონაწილეობენ ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაციები პოლიტიკურ მობილიზაციებში? იმიტომ, რომ მათ ხელში ქუჩა პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად იქცა, ხოლო საზოგადოებრივ მხარდაჭერას შეუძლია გავლენა მოახდინოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე, მედიასაშუალებების დღის წესრიგსა და სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებებზე.
როდესაც დემონსტრაციებს თან ახლავს ძარცვა, თავდასხმები, ცეცხლის წაკიდება და ადამიანების მძიმე დაზიანება, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, პოლიტიკური პროცესის ყველა მონაწილისგან მკაფიო პასუხი მოითხოვოს: გმობენ თუ არა ისინი ძალადობას ყოველგვარი დათქმის გარეშე, ეხმარებიან თუ არა სამართალდამცავებს დამნაშავეების გამოვლენაში და ასაჯაროებენ თუ არა საკუთარი საქმიანობის დაფინანსების წყაროებს? უფლებადამცველის სტატუსი შემოწმებისგან იმუნიტეტს არ უნდა ქმნიდეს. ხოლო თუ დადგინდება, რომ კონკრეტული საგრანტო სახსრები დანაშაულების მომზადებისა თუ დაფინანსებისთვის შეგნებულად გამოიყენებოდა, ამას პასუხისმგებელი პირებისთვის სამართლებრივი შედეგები უნდა მოჰყვეს. მთავარი სკანდალი ისაა, რომ ევროპული ინსტიტუტები სხვა სახელმწიფოებისგან გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და კანონის დაცვას მოითხოვენ, თუმცა თავადაც მზად უნდა იყვნენ საკუთარი დაფინანსების პროგრამების ისეთივე მკაცრი შემოწმებისთვის. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს იცოდეს, რა მიზნებს ხმარდებოდა თანხები, ვის ერიცხებოდა ისინი, როგორ მოწმდებოდა ხარჯები და რა შედეგი მოიტანა საზოგადოებრივმა პროექტმა. თუ დაფინანსება დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა, ეს დოკუმენტებითა და აუდიტით უნდა დასტურდებოდეს. თუ თანხები უკანონო ქმედებებისთვის გამოიყენებოდა, აუცილებელია გამოძიება, კონკრეტული პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და დადასტურებული ზიანის ანაზღაურება. ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში,“ – წერს დავით ქართველიშვილი.
დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“
- დავით ქართველიშვილი„მღვდელმთავარი, რომლის ეპარქიის გარშემოც ფიგურირებს სისხლის სამართლის საქმეები სროლებთან, სასოფლო-სამეურნეო მიწების მიტაცებასთან, ხელს უწვდის სააკაშვილის პოლიტიკურ ძალას, რომელიც თავად ამხელდა მას. ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებით მიტროპოლიტი იობი არა ქრისტიანულ მცნებებს, არამედ საკუთარ დაუსჯელობასა და კონტროლირებადი შეიარაღებული ავტონომიის შენარჩუნების უფლებას იცავს“
- დავით ქართველიშვილი„ირანის მიერ ერთდროულად სამი მიმართულებით განხორციელებულმა პოლიტიკურმა დარტყმამ - ისრაელისა და აშშ-ს შემდეგ - სომხეთში „ტრამპის დერეფანსაც" თბილისში „ბუშის ქუჩის" მნიშვნელობა შესძინა“
- დავით ქართველიშვილი„ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში ქართული კვალი და თბილისის წინააღმდეგ მორიგი მორალური სანქციების პაკეტი შემოიღოს- გაზი ამით არ გაიაფდება, სამაგიეროდ, ევროპული პრინციპულობის შესახებ მორიგი შესანიშნავი ანგარიში დაიწერება“
