ხელოვნება და კულტურა

შორენა შავერდაშვილი : ნუთუ ქეთი დუმბაძეს არა აქვს მწერლებსა თუ საგამომცემლო საქმეზე იმდენი ამაგი, რომ ასეთი კოლექტიური სიძულვილის კამპანია არ გაგვეჩაღებინა მის წინააღმდეგ? ვერაფერი გაგახსენდათ ქეთის მიმართ სამადლობელი?

:”ნატაშა ლომოური მადლობის მეტს არაფერს იმსახურებს! ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობოდა, რომ ის თავის საქმეს სიყვარულით აკეთებდა, სიყვარულით და თავდადებით! დიდი მადლობა მას გაწეული შრომისთვის და იმ სივრცის შექმნისთვის, რომელიც ჩვენთვის – ყველასთვის სასურველი და ძვირფასი გახდა. მის მიღწევებს ისტორიაც შემოინახავს! მაგრამ იმსახურებს კი ქეთი დუმბაძე, ადამიანურად, იმ დახვედრას ლიტერატურული წრეებიდან, როგორც დახვდნენ? ნუთუ ქეთის არა აქვს მწერლებსა თუ საგამომცემლო საქმეზე იმდენი ამაგი, რომ ასეთი კოლექტიური სიძულვილის კამპანია არ გაგვეჩაღებინა მის წინააღმდეგ? ,- აცხადებს მედიააკადემიის დირექტორი შორენა შავერდაშვილი.

მისი თქმით, სწორედ ეს არის ტოტალიტარული აზროვნება და კოლექტივიზმის უსაშინლესი გამოვლინება, როცა გვავიწყდება ადამიანი!

„ვინმემ ერთი წუთით მაინც იფიქრეთ თუ მის ამაგზე არა, ადამიანზე? ვერაფერი გაგახსენდათ ქეთის მიმართაც სამადლობელი? ჯერ მარტო, რაც მე ვიცი, არაერთხელ შეუსრულებია მედიატორის როლი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ლიტერატურული პროექტების გადასარჩენად. კონკრეტულ მწერლებზე აღარაფერს ვამბობ, ვის სოციალურ მდგომარეობასაც განიცდიდა და ცდილობდა, მათზე ეზრუნა, როგორც შეეძლო. ცალკე აღნიშვნის ღირსია პროექტი “ცოცხალი წიგნები”. რომელმაც მთელი საქართველო მოიარა და ერთმანეთს შეახვედრა მწერალი და მკითხველი.

და ქეთი დუმბაძე რომ “ცენზორის როლში” ვერ და არ შევა, მგონი, ეს მისმა ყველაზე ხმალამოღებულმა კრიტიკოსებმაც იცით! “ინტელიგენციის ოჯახის შვილები” რომ ცალკე ჩასარეცხები ყოფილან, ეს კიდევ სულ სხვა სიმაღლეა!

არადა, ქეთი ჩემი ქართულის მასწავლებელი იყო სკოლაში და 53-ე სკოლის ტატულას ლამის გასამხედროებული მმართველობის დროს, გვასწავლიდა თავისუფლებას, მეგობრობას და კალთაზე ჰყავდა გამოკრული ჩვენი კლასის ყველაზე “რთულად აღსაზრდელი” ბიჭები.

არ გვინდა, რომ მწერალთა სახლი, ინსტიტუციურად, კულტურის სამინისტროს ექვემდებარებოდეს და ფიქრობთ, რომ შესაცვლელია როგორც დირექტორის არჩევის წესი, ისე მართვის სტრუქტურა, რომ მწერალთა სახლი უფრო დამოუკიდებელი და ხელისუფლებისგან დისტანცირებული გახდეს? კონფრონტაციით, ლანძღვითა და კოლექტიური წერილებით მივაღწევთ ამ მიზანს? მართლა მაინტერესებს! დარწმუნებული ვარ, ქეთი ამ თემისთვისაც გააჩენდა სადისკუსიო სივრცეს მწერალთა სახლში.

მესმის, რომ ნატაშას გული წყდება, რომ არ ეძლევა საყვარელი საქმის გაგრძელების შესაძლებლობა, და ვერც სამინისტროსგან მიიღო სათანადო გაცილება, მაგრამ ქეთისაც რომ მივცეთ შანსი, არ შეიძლება? შანსსაც არ იმსახურებს, თქვენი აზრით?”.

ცნობისთვის, ასამდე მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანი მწერალთა სახლში ქეთევან დუმბაძის დანიშვნის თაობაზე განცხადებას ავრცელებენ. ხელმომწერი ადამიანები აცხადებენ, რომ დაუმორჩილებლობას უცხადებენ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს.

„შესაბამისად, ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,760,900 ნახვა