პოლიტიკა

მდინარაძე: მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაიცავს

საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას აქტიურად უნდა დაუპირისპირდეს და ამისათვის საკანონმდებლო მექანიზმებიც გამოიყენოს. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რათა მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა. 

მდინარაძის თქმით, კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება პარლამენტში. სრულად იქნება დაცული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული პრინციპები და ნორმები.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ადამიანის უფლებები მაღალ დონეზეა დაცული, განურჩევლად ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების წესისა. ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველანი ვთანხმდებით პრინციპზე, არავის და, მით უმეტეს, ხელისუფლების საქმე არ არის ვინმეს განსჯა. 

ჩვენი ხელისუფლების მონაპოვარია ადამიანის, მათ შორის არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების, უფლებების დაცვა. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აღმოფხვრა ამ ადამიანებზე ზეწოლის, მათი შანტაჟის, პირადი ცხოვრების ხელყოფის უხეში პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების გამორჩეული ხელწერა იყო. 

ქართული საზოგადოება ყოველთვის იყო ტოლერანტული, თუმცა ქართული საზოგადოება ვერ იქნება და არ არის  ტოლერანტული ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მიმართ“, – განაცხადა მდინარაძემ. 

მისი თქმით, ამ პროპაგანდას არავითარი კავშირი აქვს ადამიანის უფლებების დაცვასთან. მისი მიზანი ცხოვრების არატრადიციულ წესის პოპულარიზაციაა.

„ფსევდოლიბერალური იდეოლოგია კი სერიოზული საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის, რასაც საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები ძალიან პრინციპულად უნდა იყოს და იქნება დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, თუმცა, არატრადიციული ცხოვრების წესის მიზანმიმართული პროპაგანდა არის ის, რასთან დაპირისპირებაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოებისა და მისი მომავლის წინაშე.

ყველა, ვინც გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ღირებულებების წინაშე, ვალდებულია და მოვუწოდებთ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი ზეგავლენის წინააღმდეგ არის მიმართული“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარტია “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,760,946 ნახვა