საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონში ცვლილების შესახებ მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით იმსჯელა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტის გათვალისწინებით, დადგინდა კონკრეტული შემთხვევა, როცა დამსაქმებელს დაეკისრება ჯარიმა.
არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, დამსაქმებელს ჯარიმა დაეკისრება საშემოსავლო დეკლარაციის ყოველი ცვლილებისას (შესწორებისას), გარდა საშემოსავლო დეკლარაციის საფუძველზე საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შემთხვევაში, საპენსიო შენატანის კორექტირებისა.
შესაბამისად, ყოველი კორექტირების შედეგად, არსებობს დამსაქმებლისათვის როგორც ჯარიმის ასევე საურავის დაკისრების საფუძველი, რაც ართულებს დამსაქმებელთა მიერ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების სათანადო ადმინისტრირებას, ასევე, როგორც ბიზნესის წარმომადგენელთა მიერ აღინიშნა, მნიშვნელოვნად ზრდის მათ ხარჯებს.
მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით და დამსაქმებელთა პოზიციის შეჯერების შედეგად, მიზანშეწონილია საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საურავის დაკისრების ნაწილი დარჩეს უცვლელი, რაც საბოლოოდ მიემართება შესაბამისი დასაქმებულების ინდივიდუალურ საპენსიო გვერდზე და წარმოადგენს მათ საკუთრებას.
რაც შეეხება ჯარიმას, არსებული საგადასახადო კანონმდებლობის პრაქტიკის გათვალისწინებით, მეტი შესაძლებლობა მიეცემა დამსაქმებელს, გაასწოროს დაშვებული ხარვეზი, ამასთან არ შეიზღუდება საშემოსავლო დეკლარაციის წარმოდგენასთან/შესწორებასთან მიმართ, მათ შორის ვადაში, რაც საბოლოოდ აისახება შესაბამის საპენსიო შენატანებზე.