პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ უნდა ეძალადათ სახელმწიფოზე, ჩვენ არ დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არც ქვეყნის შიგნიდან, არც ქვეყნის გარედან

გარედან მუდმივი რყევის ფონზე ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და გადაწყვიტეს, ეძალადათ სახელმწიფოზე. მათ შორის ამის გამოვლინება იყო ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებიც. რატომღაც ძალიან ბევრი სუბიექტი იყო დიდ გულზე ჩვენს სახელმწიფოსთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს თვითნებობას და ძალადობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არც ქვეყნის შიგნიდან, არც ქვეყნის გარედან.

„მინდა, შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს. გარედან მუდმივი რყევის ფონზე ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და გადაწყვიტეს, ეძალადათ სახელმწიფოზე. მათ შორის ამის გამოვლინება იყო ნოემბერ-დეკემბრის მოვლენებიც. რატომღაც ძალიან ბევრი სუბიექტი იყო დიდ გულზე ჩვენს სახელმწიფოსთან. ჩვენ ვხედავდით მცდელობებს, რომ გარედან დაესუსტებინათ სახელმწიფო ინსტიტუტები, ფარული დაფინანსებით გაეკეთებინათ ეს ყველაფერი, გარე ფარული დაფინანსებით ცდილობდნენ, შეერყიათ ჩვენი ეკლესიის რეპუტაცია, აფინანსებდნენ ლგბტ პროპაგანდას, პოლიტიკურ აქციებს და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან ფარულად. რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი გაუვიდოდათ და ეს ყველაფერი იქნებოდა შესაძლებელი.

თქვენ გახსოვთ ასევე, მაგალითად, პირდაპირ უხეში ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში. არაერთი ჩარევა, მაგრამ მინდა, გაგახსენოთ ერთი კონკრეტული ფაქტი, როდესაც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის კონკრეტული მოსამართლე დაიბარა ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელმა და მოსთხოვა ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. პირდაპირ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, ვენის კონვენცია, დაარღვია და ფეხქვეშ გათელა სამართლის და დიპლომატიური ურთიერთობების ყველა პრინციპი.

ამის შემდეგ თქვენ ისიც გახსოვთ, რომ ამ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომაც გამოიტანა გადაწყვეტილება და მან თავიდან ბოლომდე სამართლიანად ცნო ქართველი მოსამართლის გადაწყვეტილება, თუმცა ბოდიშიც არავის მოუხდია. ვიღაცამ ჩათვალა, რომ შეიძლება, ასე მოეპყრას ქართულ სახელმწიფოს. ჩათვალეს, რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და ასე უდიერად ეპყრობოდნენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას და კონკრეტულად მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას.

ვიღაცამ ჩათვალა, რომ უცხოელს შეეძლო, გარედან დაეწერა ჩვენთვის კანონები. მე მახსოვს, სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ როგორ ისხდნენ უცხოელები, მათ შორის დიპლომატები, რომლებსაც არავითარი შეხება არ შეიძლება ჰქონდეთ კანონმდებლობასთან და კანონშემოქმედებასთან. მაგიდის გარშემო ისხდნენ და ჩვენთან ერთად, ხშირად ჩვენი გვერდის ავლით წერდნენ კანონებს და თავს გვახვევდნენ კანონებს. ვიღაცამ ჩათვალა, რომ სახელმწიფო დასუსტებულია და შეიძლებოდა, ასე მოქცეოდნენ ქართულ სახელმწიფოს.

ასევე, მე მახსოვს, როგორ გვკარნახობდნენ გარედან, ვინ უნდა დარჩენილიყო, მაგალითად, შს მინისტრად და ვინ – არა. ასეთი ფაქტებიც იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა, შეურაცხყოფა მიეყენებინათ პოლიციელისთვის, ხელი გაერტყათ პოლიციელისთვის და ეს უნდა ყოფილიყო მისაღები მოვლენა. ჩათვალეს, რომ ვიღაცას, შეიძლებოდა, არ ეღიარებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, პარლამენტი, არ შემოსულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და ამის საფუძველზე ჩვენ უნდა დაგვეწყო მოლაპარაკებები და ხელი უნდა მოგვეწერა თავს მოხვეულ ანტიკონსტიტუციურ შეთანხმებაზე. ჩათვალეს, რომ დასუსტებული იყო სახელმწიფო და ასე შეიძლებოდა მოქცეოდნენ ჩვენს სახელმწიფოს.

ვიღაცებმა ჩათვალეს, რომ როდესაც ასაშენებელი იყო ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური, ვიღაცები, შეიძლება, გამოსულიყვნენ და არ დაეშვათ ეს ყველაფერი. ჩათვალეს, რომ საკმარისად ძლიერი არ იყო სახელმწიფო. ვიღაცებმა, არასწორმა ადამიანებმა – უცხოელებმა, ქართველებმა – მიიჩნიეს, რომ გარე რყევების საფუძველზე სახელმწიფო იყო დასუსტებული და სახელმწიფოს, შეიძლებოდა, დაპირისპირებოდნენ. ჩვენ დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ თვითნებობას და ძალადობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არც ქვეყნის შიგნიდან და არც ქვეყნის გარედან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა