პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე – ქუჩაში მიმდინარეობს მშვიდობიანი პროტესტი, პოლიტიკური პროცესი სულ სხვა რამეა, ის შეიძლება გააჩაღო პარლამენტში, სადაც არ შევედით

პარტიის ძირითადი ფუნქციაა, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და შეცვალოს ხელისუფლება. პარტიის ძირითადი საქმიანობა ვერ იქნება ქუჩის პროტესტი, რადგან ეს არის, ზოგადად, საზოგადოების აქტივობა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ახორციელებენ იმას, რაც ევალება პოლიტიკურ პარტიას.

„პარტია სხვა რამეს გულისხმობს. სწორედ ამ საქმიანობით ვართ დაკავებული, სწორედ ამიტომ მივიღეთ მონაწილეობა მუნიციპალურ არჩევნებში. ვახორციელებთ იმას, რაც ევალება პოლიტიკურ პარტიას. მშვიდობიან პროტესტს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არის საზოგადოების პროტესტის გამოხატულება და აუცილებელია, გაგრძელდეს მშვიდობიანი პროტესტი, შეუგუებლობა იმ უმსგავსობისადმი, რაც ხდება. აუცილებელია, წინააღმდეგობა, შეუგუებლობა იყოს მრავალფეროვანი, უნდა იყოს გამოყენებული ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, წინააღმდეგობის ყველა შესაძლო ველი. ჩვენ ამით ვართ დაკავებული, მაგალითად, საკრებულოებში კორუფციული გარიგებების მუდმივი მხილებით. ქუჩაში მიმდინარეობს მშვიდობიანი პროტესტი, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი სულ სხვა რამეა. პოლიტიკური პროცესი შეიძლება იყოს წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური პროცესი შეიძლება გააჩაღო პარლამენტში, სადაც არ შევედით. პოლიტიკური პროცესია ის, რომელიც შეიძლება გააჩაღო საკრებულოში ან პარლამენტში. ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, საუბარია იმაზე, რომ საზოგადოება არ ეგუება ხელისუფლების მხრიდან ბრუტალურ ზომებს, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური მოთხოვნები შეიძლება ჰქონდეს ქუჩის პროტესტს, მაგრამ პოლიტიკური პროცესი სულ სხვა რამეა, პოლიტიკური პროცესი ქუჩაში არ მიმდინარეობს, პოლიტიკური პროცესი შეიძლება განვითარდეს ინსტიტუციებში. ქუჩის პროტესტი საზოგადოების წინააღმდეგობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ვერ გახდება ერთადერთ საშუალებად, რათა მიღწეულ იქნას ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ უმნიშვნელოვანესია. ამიტომ, მოვუწოდებდით ჩვენს კოლეგებს, გამოვიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, მაგალითად მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ არ შევაჩეროთ, მხარი დავუჭიროთ ქუჩის პროტესტს, მაგრამ ფუნდამენტური შეცდომაა, ქუჩის პროტესტს დავარქვათ ძირითადი პოლიტიკური პროცესი. ეს არის წინააღმდეგობა, რომელიც აუცილებელია, მაგრამ პოლიტიკური პროცესი არის სხვა რამე. პოლიტიკოსების მხოლოდ და მხოლოდ ქუჩის პროტესტის წვერებად წარმოჩენა, სულ მცირე, გაუთვითცნობიერებლობაა, რას უნდა აკეთებდეს პოლიტიკოსი. წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, სიამოვნებით დაველოდები, როგორ წარმატებებით მიაღწევენ თავიანთი ამომრჩევლების მობილიზებას“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ამ ეტაპზე „ლელოს“ პარტია არავისტან გაერთიანებას არ განიხილავს.

„ვინმე თუ ფიქრობს, გააერთიანოს თავისი ძალისხმევა, ყველას მივესალმები, მაგრამ ჩვენ ამ წუთას არავისთან არანაირ გაერთიანებას არ განვიხილავთ“. ფსევდოგაერთიანებების არ მჯერა. ვინც თავის თავს პროევროპულ ძალას უწოდებს, ყველას გვაქვს ერთი ამოცანა, ქვეყანა გადავარჩინოთ დიქტატურისგან და დავაბრუნოთ ევროკავშირში გაერთიანების გზაზე. ეს არის საერთო მიზანი და დანარჩენი, რაღაც გაუგებარი გაერთიანებები ჩვენთვის გაუგებრად რჩება. არანაირი საჭიროება არ არის პარტიების ორგანიზაციული გაერთიანების, რომ ქვეყანაში ვიბრძოლოთ დიქტატურის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა